დღეს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს დღეს, ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ და შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ავსტრიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში“,- განაცხადა ფხალაძემ.
ხვალ ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ოთხი მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში. გარდა ამისა, ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის ბიზნესწრეების დაახლოებას შეუწყობს ხელს.