ნოდარ ხადური: EBRD საქართველოთი მოხიბლული რომ არ ყოფილიყო, შეხვედრა თბილისში არ ჩატარდებოდა
“ის, რომ თბილისში ასეთი ღონისძიება ტარდება, უკვე არის ძალიან დიდი სტიმული EBRD-ის მოხიბვლისთვის“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, EBRD საქართველოთი მოხიბლული რომ არ ყოფილიყო, მისი ყოველწლიური შეხვედრა დღეს თბილისში არ ჩატარდებოდა.
მისივე განმარტებით, ღონისძიებები, რომელიც თბილისში დღეს და ხვალ გაიმართება, კარგი შესაძლებობაა იმისთვის, რომ EBRD საქართველოთი კიდევ უფრო მოიხიბლოს.
“ის, რომ თბილისში ასეთი ღონისძიება ტარდება, უკვე არის ძალიან დიდი სტიმული EBRD-ის მოხიბვლისთვის. თუმცა, რომ არ ყოფილიყო EBRD მოხიბლული, ეს ღონისძიება ჩვენთან არ ჩატარდებოდა, რაც აღნიშნა კიდეც ბანკის პრეზიდენტმა მის სიტყვაში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება საინვესტიციო სესიას, რომელიც რამდენიმე საათში პარლამენტის სასესიო დარბაზში გაიმართება, ხადურის განმარტებით, მასზე უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა მოხდება.
“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნოთ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო სესიას როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისე EBRD-ის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი დაესწრებიან.