უჩა ნანუაშვილი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ბავშვის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უთანაგრძნობს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დროული, ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს პასუხისმგებლობა და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის.

„გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდეს დროული, ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიება. შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს გამოძიების სსკ 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარმოების საჭიროება, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა და გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. სახელმწიფო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ; მხოლოდ პოსტ–ფაქტუმ განხორციელებული რეაგირება, რასაკვირველია, საკმარისი არ არის.

ასეთი სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სათანადო ფუნქციონირება, რომ ეს არის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს პასუხისმგებლობა და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ხანძარი ქობულეთში, ჰასან ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში დღეს, გამთენიისას გაჩნდა. სასტუმრო „არმაზში“ რუსთავიდან ჩასული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად, სამი არასრულწლოვანი ბიჭი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები