ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდებს რუსთავის ეკლესიაში დაასვენებენ

ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების ცხედრებს დღეს რუსთავის პროზექტურაში გადაასვენებენ, მოგვიანებით კი რუსთავის ცენტრალურ ტაძარში დაასვენებენ.
ამის შესახებ „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის კვირაში“ სატელეფონო საუბრისას რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა.
„ცხედრებს ჯერ-ჯერობით პროზექტურაში გადაასვენებენ. მათი განთავსება მოხდება სასახლეებში და ამის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ ტაძარში გადასვენდებიან“, – განაცხადა დავით ჯიქიამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის, ისინი რიკოთზე იმყოფებიან.

ბავშვების ცხედრების იდენტიფიცირება ძლიერი დამწვრობის გამო ბათუმში ვერ მოხერხდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხედრები დნმ-ის ანალიზის მეშვეობით იდენტიფიცირდება.
ხანძარი ქობულეთში, ჰასან ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში გამთენიისას გაჩნდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ბიჭი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები