სიგარეტის მოწევას ვერ გაბედავდნენ – ანსამბლის ხელმძღვანელი ბრალდებებს პასუხობს
ქორეოგრაფიულ ანსამბლ “სიხარული 2-ის” ხელმძღვანელი გოგი მარღანია სასტუმრო “არამაზის“ მფლობელის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. როგორც გოგი მარღანიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა, რადგან მას გული აწუხებს და მისთვის დალევა არ შეიძლება.
როგორც გოგი მარღანიამ განმარტა, ყველას ეძინა, რა დროსაც ერთ-ერთი დაღუპულის დამ ატეხა განგაში, რომ სასტუმრო იწვოდა. “ვვარაუდობთ, რომ ხანძარი კონდიციონერის სადენებიდან გაჩნდა, 11 წლის ბავშვები იყვნენ და სიგარეტის მოწევას ვერ გამომაპარებდნენ“, – აღნიშნა გოგი მარღანიამ. ქობულეთის სასტუმრო “არმაზის“ მფლობელი ჰასან ართმელაძე ანსამბლის ხელმძღვანელებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ართმელაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული. ართმელაძისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.