დავით ნარმანია ევროპის დღის ღონისძიებაზე: ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება
ევროპის დღის თბილისში აღნიშვნა დიდი პატივია, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ევროპის დღის აღსანიშნავად ალექსანდრეს პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც დედაქალქის მერისთვის, დიდი პატივია, ევროპის დღეს რომ თბილისში აღვნიშნავთ. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. იმედია, სხვა ქვეყანაში როდესაც აღინიშნება ევროპის დღე, საქართველოს თავისი კარავი ექნება. მინდა, თითოეულ ევპროპელს მივულოცო ეს დღე“, – განაცხადა ნარმანიამ.
ღონისძიება ნარმანიასთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ოფიციალურად გახსნეს.
ეს დღე თბილისის მერიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება. ალექსანდრეს ბაღში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ საბერძნეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ლატვიის, საქართველოსა და პორტუგალიის ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ჯგუფები. ოფიციალური გახსნის შემდეგ, ბაღში იმართება კონცერტი მომღერალ ბავშვთა ინკლუზიური გუნდის შესრულებით და პორტუგალიური მუსიკალური წარმოდგენა მაგდა მენდესის პროექტით – “კაზა და ბოშა”. ამასთან, რეზო კიკნაძის ბენდი წარმოადგენს ჯაზურ კომპოზიციებს. დაგეგმილია, ასევე, საბავშვო გასართობი ღონისძიებებიც.
ევროპის დღე ევროკავშირის წევრ და მისი წევრობის მსურველ ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები 2004 წლიდან ტარდება.