დავით ნარმანიამ ვაზისუბნის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვაზისუბნის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე მეხუთე კორპუსის ამორტიზებული საძირკვლისა და დაბზარული კედლების გადაუდებელი გამაგრება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის 16 აპრილს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება.
კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები 463 000 ლარი დაჯდება. “გამაგერებითი სამუშაოები 15 მაისს მთავრდება ვაზისუბნის დასახლების მეორე და მესამე კორპუსებში. რეაბილიტაცია უტარდება ამორტიზებულ საძირკველსა და ფასადზე არსებულ ბზარებს, საძირკველი გაძლიერდა ახალი ხიმინჯებით, მოხდა დაზიანებული ღიობების აღდგენა. გამოიცვალა საკანალიზაციო ქსელი და კორპუსების მიმდებარედ აღდგა ასფალტის საფარი. პროექტის ღირებულება 1.5 მლნ ლარია. თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ კორპუსებში ცხოვრება სრულიად უსაფრთხო იქნება. კორპუსების გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერთან ერთად კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია გაეცნენ. თბილისის მასშტაბით გამაგრებითი სამუშაოები 40-მდე საცხოვრებელ კორპუსს უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 20-მდე კორპუსში უკვე დასრულებულია“ – აცხადებენ მერიაში.