სასტუმრო “არმაზის” მფლობელი : ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული
ქობულეთის სასტუმრო “არმაზის“ მფლობელი ჰასან ართმელაძე ანსამბლის ხელმძღვანელებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ართმელაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული. ართმელაძისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი. სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ ხანძრის დროს იმ ნომრის გახსნა სცადეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. “იქ დაბლა ისხდნენ და სვამდნენ. მე ხომ ვერ შევხედავ მათ ბავშვებს, თვითონ უნდა შეხედონ. არ უნდა ჩაკეტონ შიგნით. არ ვიცი ვინ დაკეტა კარი, ან მისმა მასწავლებელმა ან მშობელმა. მე ხომ არ ჩამიკეტია. ვიცით, რომ ჩაკეტილი იყო, მერე კარები ვერ გატეხეს”, – აღნიშნა ჰასან ართმელაძემ. მისივე განმარტებით, სასტუმროს დაწვის შედდეგად 2 მილიონ ლარამდე ზარალი ნახა. შეგახსენებთ, რომ აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო “არმაზში” მოხდა. უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ბავშვების შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.