გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ქობულეთში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო “არმაზში” ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონდიციონერს ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ “სიხარულის” წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა. ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.