ქობულეთში დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს
ქობულეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის – 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.
შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს “, -აღნიშნავეს პრემიერი.
გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო “არმაზში” ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონდიციონერს ცეცხლი გაუჩნდა.
დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ “სიხარულის” წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა. ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.