დედაენის ბაღში „ახალი ღვინის ფესტივალი – 2015“ გაიმართა
„ღვინის კლუბისა“ და თბილისის მერიის ორგანიზებით დღეს დედაენის ბაღში „ახალი ღვინის ფესტივალი – 2015“ გაიმართა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ღვინის 60-მდე კომპანიამ 2014 წლის მოსავლის 72 სახეობის ახალი ღვინო წარადგინა.
ფესტივალზე ტრადიციულად ქვევრიც გაიხსნა. ქვევრი თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად გახსნა.
როგორც ნინა ხატისკაცმა აღნიშნა, ღვინის ფესტივალის მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა.
„დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დიდი ზეიმია. ამ ზეიმში სიახლე ის არის, რომ წლევანდელი ღვინის ფესტივალი დედა ენის ბაღში ტარდება, სადაც სივრცე და შესაძლებლობები უფრო მეტია. ამდენად, უფრო მეტი მსურველი შეძლებს ქართული ღვინის დაგემოვნებას და ზეიმის გაზიარებას. ღვინის ფესტივალი ნიშნავს ჩვენი კულტურისა და ტრადიციის პოპულარიზაციას, ქართული ტურიზმის ხელშეწყობას, ამიტომ თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია ამგვარი ფესტივალების დედაქალაქში ჩატარება,“ – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.