ახალაიები პოლკოვნიკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ? – როგორ მომზადდა ზუგდიდის სუს-ის უფროსის “ხიზილალის პროვოკაცია”

ახალაიები პოლკოვნიკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ?! როგორ მომზადდა ზუგდიდის სუს-ის უფროსის, გოგი ნაჭყებიას წინააღმდეგ „ხიზილალის პროვოკაცია“, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ქართული სიტყვა“ აქვეყნებს.

– სად ხართ? – ტელეფონში შს მინისტრის ხმა გაისმა.
– ქუთაისს მოვუახლოვდით, – მიუგო ხელქვეითმა.
– იჩქარეთ,  – ვანო მერაბიშვილს აშკარად ეტყობა, რომ ღელავს. დაკავებული სისტემას კარგად იცნობს – წლებია, როგორც იტყვიან, თანამშრომელია – ორგანოში მუშაობა რომ დაიწყო, 22 წლის იყო.
ჰოდა, ხვდება, რომ „ზევით“ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს, თორემ მერაბიშვილი წამდაუწუმ არ დარეკავდა, რას შვრებითო. ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ნაცებმა“ მისი „ვირის აბანოში“ გამოკეტვა გადაწყვიტეს. ეს ამბავი კი, ასე მოხდა: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფლებაში, სულ რაღაც, ერთი წლის მოსულები იყვნენ, დააკავეს. მაშინ ლამის მთელ საქართველოს იჭერდნენ და სამეგრელოს უშიშროების სამსახურის უფროსის, პოლკოვნიკ გოგი ნაჭყებიას „აყვანა“ არავის გაჰკვირვებია, თუმცა ერთი კითხვის ნიშანი მაინც არსებობდა: ნაჭყებიას „ბეგრაუნდი“ ეროვნულ მოძრაობას უკავშირდება. შესაბამისად, რუსეთს ვერ იტანს, ანუ თვლის, რომ ყველა უბედურება, რაც საქართველოს სჭირს, სწორედ ჩრდილოეთიდან მოდის.
„ნაცებიც“ სწორედ ასე ფიქრობენ. ჰოდა, გაუგებარია, რა მოხდა? ამ შეკითხვაზე პასუხი კულუარებში იციან – გოგი ნაჭყებიას, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ქარდავები, მაშასადამე, ახალაიები ერჩიან. ახლა, ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ ზუგდიდი პატარა ქალაქია და ბავშვმაც კი იცის, რომ ქარდავები ნაჭყებიას სიმამრს რაღაც კომერციულ ფართზე აუხირდნენ. კაცმა უკან არ დაიხია და… შედეგიც დადგა: სიძე დაუჭირეს… ნაჭყებია ახლაც თანამდებობაზეა – აფხაზეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელია და… გრძნობს, რომ „ძველი მტრები“ ისევ რაღაცას უმზადებენ, მაგრამ რას?.. მოდით, ქრონოლოგიას მივყვეთ… მაშ, ასე: 2012 წლის 26 მარტი… ნაშუადღევი…

მოვლენათა ეპიცენტრი სამეგრელო, კერძოდ, ქალაქი ზუგდიდი. გოგი ნაჭყებია, სამსახურებრივი ავტომაქანა „ფოლქსვაგენ ჯეტა“-თი ქალაქის ცენტრიდან, პაპანინის ქუჩის მიმართულებით, შინ მიდის. სოხუმის ქუჩაზე, ე. წ. სოფლტექნიკის კორპუსთან თვალი ნაცნობებს – ვაჟა კაკულიას, ზურაბ კიკალიშვილის, დავით გუჩუასა და ირაკლი ღვინჯილიას მოჰკრა. პოლკოვნიკი მანქანას აჩერებს და ბიჭებს ელაპარაკება.

– დილიდან, სამი უცხო ავტომანქანა უბანში მოძრაობს და არ მოგვწონს, – ეუბნებიან ნაჭყებიას ნაცნობები და ქუჩის მეორე მხარეს უთითებენ, სადაც ორი ავტო დგას – „ჯიპი“ და „სედანი“.
– ერთი წუთით, – ამბობს პოლკოვნიკი ნაჭყებია და მანქანებს აკვირდება.
ერთ-ერთში ნაცნობი სახე დალანდა. დიახ, არ ეშლება – ის შსს გენინსპექციის თანამშრომელი ჭაბუკა რაფავაა.
– ყველაფერი რიგზეა, – ამშვიდებს ნაჭყებია თანაუბნელებს, – ეს ხალხი თქვენთვის საშიში არაა, – ავტოში ჯდება და გზას აგრძელებს. საჯვაროს საავტომობილო ხიდის აღმართს აუყვა. ანაზდეულად სარკეში თვალი მოჰკრა – „ჯიპი“ და „სედანი“, როგორც იტყვიან, ფეხდაფეხ მოჰყვებიან.
– არ მომწონს, – გაიფიქრა ნაჭყებიამ და სწორედ ამ დროს, „ჯიპმა“ გზა გადაუკეტა. „სედანი“ გვერდით ამოუდგა. მესამე „მოთვალთვალემ“ კი, მანქანა უკნიდან მიაყენა.
– რა ხდება? – კითხულობს პოლკოვნიკი.
– შსს-დან ვართ, უნდა გამოგვყვეთ, – კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა „თავდამსხმელმა“.  ამის შემდეგ კი, ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ჰოლივუდურ „ბოევიკშია“: ორი პირი გოგი ნაჭყებიას აქეთ-იქით ამოუდგება, თავიანთ ავტოში დამნაშავესავით ჩასვამენ და, პუშკინის ქუჩის გავლით, დიდი სისწრაფით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიისკენ გასწევენ.
– თქვენზე მაღალი თანამდებობის პირები არიან განაწყენებულნი და ქალაქგარეთ გაგესაუბრებიან, _ ამბობენ „გამტაცებლები“, ანუ შსს-ს გენინსპექციის წარმომადგენლები.
– მაინც, ვინ? – ინტერესდება ნაჭყებია, თუმცა ცხადია, არ ეუბნებიან. ამასობაში, ორსანტიაშიც მივიდნენ. ენგურს გაღმა ოკუპირებული აფხაზეთია. “გამტაცებლები“ ნაჭყებიას მის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს უთვლიან. ნაჭყებია გამოცდილი ძალოვანია. ჰოდა, „შემოთავაზებული სიურპრიზებიდან” ერთსაც არ თანხმდება.
– კი ბატონო, ნება შენია, მაგრამ იცოდე, მოგკლავთ!
პოლკოვნიკმა იცის, რომ ის თანამდებობის პირები, წეღან რომ უხსენეს, ყველაფერზე წამსვლელნი არიან. მკვლელობა მათთვის ერთგვარი „საკვებია“. ასე რომ, არც გოგის მოკვლა გაუჭირდებათ . სულს ცემაში ამოხდიან, მერე, ნავით ზღვაში, ან მდინარეში გაიყვანენ, ყელზე ლოდს მოაბამენ და. გოგი ნაჭყებია ისე გაქრება, მის კვალს შერლოკ ჰოლმსიც ვერ მიაგნებს! სამეგრელოში, მთელი საქართველოსი არ იყოს, ადამიანების უგზო-უკვლოდ გაქრობა ხომ უკვე აპრობირებული მეთოდია!
– ჰა, რა გადაწყვიტე, სიკვდილი გინდა თუ სიცოცხლე გირჩევნია? – ისევ კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა „თავდამსხმელმა“ და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ნაჭყებიას შესთავაზა, -მოდი, აღიარე, რომ თითქოს „ხიზილალა“ უკანონოდ შემოგქონდა. ეს შედარებით მსუბუქი დანაშაულია და საპროცესოსაც ადვილად გაგიფორმებთ, პირობითი მსჯავრით გაგიშვებთ და ჩვენს კონტროლქვეშ იქნები.
– რა? – ნაჭყებია, ცოტა არ იყოს, დაიბნა.
– კარგად დაფიქრდი. ისე, შეგვიძლია, თბილისში წაგიყვანოთ, შსს-ს ხელმძღვანელობას შეგახვედროთ და ყველაფერი მათთან გაარკვიო. ისე, არ დაგავიწყდეს, რომ ავადმყოფი დედა, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გყავს.
პოლკოვნიკის ტვინი გამალებით მუშაობს. სიკვდილი რაა, ერთი წამია, მაგრამ რა უყოს დედასა და ცოლ-შვილს?! ცხადია, არარსებული „დანაშაულის“ აღიარება ჯობია. ჰოდა, ასე: შსს-ს წარმომადგენლები მუშაობას იწყებენ. თავიანთი ავტომანქანებიდან მუყაოს ყუთებს ტვირთავენ. მერე, ნაჭყებიას სამსახურეობრივ ავტოში აწყობენ. მუყაოს 13 ყუთი „ხიზილალათია“ გაძეძგილი, სულ 653 ქილაა. ყველაფერი ეს ვიდეოფირზე აღბეჭდეს და თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ისევ ტელეფონი რეკავს.
– ალბათ, ვანოა, – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა „გამცილებელმა“… – მადლობა ღმერთს, თბილისამდე ჩამოაღწიეთ, თორემ იმ ნაძირალებს შეიძლება, გზაში მოეკლათ! მოკლედ, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება – ქარდავებმა, შესაბამისად, ახალაიებმა, გოგი ნაჭყებიას ლიკვიდაცია განიზრახეს. ამის შესახებ, როგორც ჩანს, მერაბიშვილმა გაიგო და პოლკოვნიკის „დაკავების სპეცოპერაცია“ დაგეგმა.

შეიძლება, ასე სულაც არ იყო, მაგრამ ნაჭყებიას ახლობლებს, რომლებსაც „ქართული სიტყვა“ ესაუბრა, მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი ლოგიკური ჰგონიათ.
ისე, ბედის ირონიაა, აბა, რა არის: მას შემდეგ, რაც ახალაია-ქარდავები, ანუ „ნაცმოძრაობა“ სამთავრობო ბერკეტებს დათმობს, გოგი ნაჭყებია სამეგრელოს სუს-ის უფროსად დაინიშნება. ერთ დღესაც, „ზევით“ დაიბარებენ და ეტყვიან, შენზე „დანოსები“ გვაქვსო.
– აბა, გისმენთო, – მშვიდად იტყვის ნაჭყებია.
– ოპერატიულად მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერიასთან მეგობრობო, – გამომცდელად მოჭუტავს თვალს „ნაცების“ ძალოვანებიდან „ოცნებაში“ პორტირებული „პაგონიანი“.
– დიახ, „ვმეგობრობ“, – გაიღიმებს ნაჭყებია, – ბოკერიას ყოველ დღე ვხედავ, ოღონდ… ტელევიზორში! „გაქოცებული“ „ნციონალი“ ყბას დააღებს…
– აი, იმას კი ნამდვილად ვერ უარყოფ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე როლანდ ახალაიას ეხმარებოდი.
– დიახ, არც მაგას „უარვყოფ“, – პოლკოვნიკი თავს ძლივს იკავებს, გულიანად რომ არ გადაიხარხაროს, – დიახ, პატივცემულო, როლანდ ახალაიას ვეხმარებოდი, ოღონდ… დამარცხებაში! ისე, რომ იცოდე, 2012 წლის მარტის ბოლოდან დეკემბრამდე, გლდანის ციხეში ვიყავი… „გაქოცებულ” „ნაცყოფილს“ შუბლზე სიმწრის ოფლი დაასხამს… გოგი ნაჭყებიას კი, პატიმრობის 9 თვე თვალწინ კადრებივით გაურბენს. ისე, ყველა უბედურებასთან ერთად, ამ „ნაცებს“ სიტყვის გატეხვაც ეხერხებოდათ. არ გჯერათ?
– აი, ბატონო, ფაქტი: ხომ გახსოვთ, გოგი ნაჭყებიას რომ დაპირდნენ, დანაშაული აღიარე, საპროცესოს გაგიფორმებთ, თავდებში გაგიშვებთ და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებითო? ჰოდა, პოლკოვნიკმაც, მიუხედავად იმისა, რომ ახალაიების ბუნებას კარგად იცნობდა, არარსებული დანაშაული აღიარა, საპროცესოც გადაიხადა, მაგრამ რად გინდათ?
– ციხე ცხრა თვე მაინც „ახეხინეს“ და თავისუფლებას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა. არა, ეს „ოცნებაც“ კარგი, როგორც იტყვიან, ხვითოა – თითქმის ყველა, ვინც ნაჭყებიას „ხიზილალის პროვოკაცია“ მოუწყო, დღემდე ძალოვან უწყებაში მუშაობს. მეტიც, „ქართული სიტყვის“ კონფიდენციალური წყარო, რომელმაც ზემოხსენებული ამბის დეტალები ზედმიწევნით იცის, ამბობს, რომ ნაჭყებიას უკანონო გატაცება-დაკავებაში მონაწილეთაგან ზოგი „ოცნებამ“ დააწინაურა კიდეც. წყაროს თქმითვე, ყველა ის პირი, ვინც ნაჭყებიას დაკავებამდე უცხო მანქანები შეამჩნია, მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა- მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკი ნაჭყებია, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ერთხანობას სამეგრელოს სამხარეო სუს-ის უფროსი იყო, მისი უკანონო დაკავებით არავინ დაინტერესებულა. მეტიც, როგორც წყარო ამბობს, მას პროვოკაციებს „ქოცებიც“ უწყობდნენ.

გაზეთი „ქართული სიტყვის“ ინფორმაციით, ახლახან, პოლკოვნიკი გოგი ნაჭყებია ზუგდიდის რაიონული სუს-ის უფროსად დაინიშნა. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც კონფიდენციალური წყარო ამბობს, შსს-ს უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღო.

„თუმცა წყარო არ გამორიცხავს, რომ „გაქოცებულმა“ „ნაცებმა“ ნაჭყებიას წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა კიდევ სცადონ, რამეთუ ნაჭყებია, როგორც სისტემაში კარგად გარკვეული ადამიანები ამბობენ, ბევრისთვის საშიშია -რეგიონში დაწინაურებულ ადამიანებზე არაერთ ინფორმაციას ფლობს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები