რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, რომელმაც საქართველოში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისში, გადამდებ ბაქტერიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, პაციენტები პნევმოკოკურ ინფექციას ემსხვერპლნენ, რომელიც მათ ორგანიზმში ბაქტერიის სახით მოხვდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე “კვირის პალიტრასთან ” ინფექციის გამომწვევ მიზეზებზე და სიმპტომზებზე საუბრობს.
„პნევმოკოკის ბაქტერიის მატარებელი თითქმის ყველა ადამიანია. ორგანიზმში მისი პოვნა საკმაოდ რთულია. ადრე შეიძლება ისე დაღუპულიყო პაციენტი, რომ მიზეზი ვერ გაეგოთ. ამ დროს ბაქტერია სისხლიდან არ გამოიყოფა, ვინაიდან ადამიანს ანტიბიოტიკები მიღებული აქვს, ხოლო ანტიბიოტიკები ბაქტერიებს შლის. თუმცა, ძალიან იშვიათია, დაავადება ისეთი მძიმე ფორმით განვითარდეს, როგორც ეს ამ ორი გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში იყო. ეს ბაქტერია ყველას გვაქვს. მოზრდილებში ორი კვირა, ხოლო ბავშვებში 4 კვირამდე გრძელდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რამე მოუვათ. დღეს თბილისში ადამიანების 70% ამ ბაქტერიის მატარებელია. ამ ბაქტერიამ შეიძლება 10 000 ადამიანი მოიაროს, და ბოლოს, ერთი ამოირჩიოს და ყურის ანთების, ფარინგიტის ან პნევმონიის სახით გამოვლინდეს. ძალზე იშვიათად, შესაძლოა სისხლში გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ადამიანს იმუნიტეტი მკვეთრად დაქვეითებული აქვს. დაავადება განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წლის ასაკის ზემოთ მოხუცებში. პრაქტიკულად, წელს დავიწყეთ აცრა პნევმოკოკზე. 2 თვის ასაკიდან იწყება და ერთი წლის ასაკში მესამე აცრის გაკეთებით სრულდება. მაღალი ასაკისთვის რისკები გაცილებით დაბალია. პრაქტიკულად, 5 წლის ასაკში ბავშვებს ეს მიკრობი არ ემუქრებათ, თუ რა თქმა უნდა, ბავშვს თავად სხვა დაავადება არა აქვს, რომელიც იმუნიტეტის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს“,-აცხადებს პაატა იმნაძე. კითხვაზე – რა გზით გადადის პნევმოკოკი და როგორი სიმპტომები ახასიათებს მას, იმნაძე აცხადებს, რომ წვეთოვანი გზით, ძალიან ახლო კონტაქტზე, ერთი ხელის გაწვდენაზე გადადის. თუმცა, მისი თქმით, გადადება არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი აუცილებლად დაავადდება. “ეს ბაქტერია მის ცხვირ-ხახაში მოხვდება, მაგრამ, უმეტესწილად, გართულებას არ გამოიწვევს. სიმპტომებს რაც შეეხება, ვლინდება ყურის ანთებით, ყელის ტკივილით, პნევმონიის სახით. ასე რომ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს. მსგავსი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, უბრალოდ, ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხდებოდა“,-აღნიშნავს პაატა იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები