„სპორტის ახალმა მინისტრმა ყოფილი მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს“

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი სპორტის ახალ მინისტრს, საკადრო ცვლილებების განხორციელებას და, პირველ რიგში, ყოფილი მინისტრის, ყიფიანის მოადგილეების პოსტებიდან დათხოვნას ურჩევს.
„ახალმა მინისტრმა, პირველ რიგში, სამინისტროში სერიოზული საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელოს. ყოფილი მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ხელს უწყობდა იმ მდგომარეობას, რაც დღეს სპორტში გვაქვს“,- აღნიშნული განცხადება ხაბარელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. გარდა კადრებისა, ხაბარელმა სპორტის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ახალ მინისტრს რამდენიმე ყველაზე სწრაფად აღმოსაფხვრელი პრობლემის მოგვარება სთხოვა.
„მინისტრმა პირველივე დღიდან დაუყოვნებლივ სპორტის კანონზე უნდა იმუშაოს. ამ კანონში 1996 წლის შემდგომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ბიზნესს არ აქვს მოტივაცია, რომ სპორტში ჩადოს ფული და განავითაროს საქმიანობა. ამის საშუალებას კანონი უნდა აძლევდეს. მეორე – ის, რომ დღეს სპორტის ობიექტები იბეგრებიან, როგორც კომერციული ობიექტები. ეს პრობლემები ფედერაციებს უნდა მოვუგვაროთ. სისტემა უნდა აეწყოს, მინისტრმა მასობრიობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ახალი მინისტრი გამოცდილი ბიზნესმენი და მენეჯერია, მან გვერდში უნდა დაიყენოს გამოცდილი თანამშრომლები, რომელთაც სპორტი იციან და ვფიქრობ, ის ამ საქმიანობას გაუძღვება“,- აღნიშნა ხაბარელმა. ხაბარელის განცხადებით, ახალ მინისტრს პირადად არ იცნობს, თუმცა კოლეგების დახასიათებას ენდობა და ფიქრობს, რომ მას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების პრობლემა არ ექნება. „არც მე და არც კომიტეტის თავმჯდომარე სპორტის ახალ მინისტრს არ ვიცნობთ, მაგრამ იცნობენ კომიტეტის სხვა წევრები, რომელთაც ძალიან დადებითად დაახასიათეს ახალი მინისტრი. ჩვენ ვენდობით მათ. შევხვდებით ახალ მინისტრს, გავესაუბრებით და დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებს იმ საკითხებს, რის გამოც ჩვენ უარყოფითად შევაფასეთ სპორტის წინა მინისტრის მუშაობა. ვფიქრობ, მას პარლამენტში ნდობის გამოცხადების კუთხით პრობლემა არ შეექმნება.
საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები სპორტის მინისტრთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა იყო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ჩვენც ჩართულნი ვიყავით ამ პროცესში, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, დასახელებული კანდიდატურა უფრო სიღრმისეულად განგვეხილა“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები