თბილისში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს სოხუმი ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერმინი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, რომელიც საქართველოს 1993 წლის საზღვრებს გულისხმობს, აღარ არსებობს.
„აფსნიპრესის“ ცნობით, ასე გამოეხმაურნენ სოხუმში საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს შეთანხმება გულისხმობს საქართველოს პრეტენზიას აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, როგორც მისი ტერიტორიის ნაწილზე. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს, რომ საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობა იმ ფორმატში, როგორსაც მას თბილისიდან ხედავენ, 1993 წლიდან აღარ არსებობს“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამწუხაროს“ უწოდებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ წარსული დღეების სტერეოტიპებით ცხოვრობს და არა მარტო სურს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მითი შეინარჩუნოს, არამედ ის თავზე მოახვიოს სხვა ქვეყნებს. სოხუმის აზრით, სწორედ ამ მიზნით იყო ხელმოწერილი ეს „არაფრისმთქმელი დოკუმენტი, რომელიც არსებულ პოლიტკურ რეალობებს ეწინააღმდეგება“.