გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით საქართველომ ნამდვილი მეგობარი დაინახა
პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ორი ქალაქის დამეგობრების ღონისძიება ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრმა პოლიტიკურმა პროცესმა მშვიდობიანი გამოსავალი ჰპოვა მინსკში გამართული მოლაპარაკებების დროს. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის გეგმას, რითაც ბელორუსია გააღრმავებს ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით, ხოლო საქართველო – ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართულებით.
“ჩვენ ვიმუშავეთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ ეკონომიკური პროექტების უკან დგას ის ფაქტი, რომ ბელორუსია აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით და საქართველო აღრმავებს თავის ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართულებით. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ამ ურთიერთობის უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ არჩევანს და ამ არჩევანიდან ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყნებს. გუშინ მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობებს, და არა როგორც ბარიერების შემქმნელ ფენომენს. მინდა ასევე, ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით, საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი. მეგობარი, რომელიც პატივს სცემს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, მის სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობს მაქსიმალური ურთიერთობების გაღრმავებას და მაქსიმალურად საერთო, მშვიდობიანი გარემოსთვის ერთობლივ მუშაობას. ბელარუსის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ, მინსკი გახდა ის ადგილი, სადაც ბევრი პროცესი თავის მშვიდობიან გამოსავალს ჰპოვებს. პრეზიდენტ ლუკაშენკოს იცნობენ როგორც ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გაუკეთა ჩვენ მეზობლებს და მეგობრებს. ასეთ ადამიანთან მეგობრობა და პარტნიორობა დარწმუნებული ვარ, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რეგიონისთვის და ბელარუსისთვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ბელორუსიის პრეზიდენტისა და დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.