თინა ხიდაშელის განმარტებით, შვეიცარიის ელჩის განცხადებას სასწრაფოდ რეაგირება სჭირდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განმარტებით, საჭიროა, რომ შვეიცარიის ელჩის განცხადებას, რომელიც კორუფციის ნიშნებს ეხებოდა, სასწრაფოდ პასუხი გაეცეს. აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილიც ესწრებოდა.
“ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე და გიგლა აგულაშვილმა ვთხოვეთ, რომ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა არა მხოლოდ ახლა, არამედ ერთგვარი „ცხელი ხაზივით“ გამოგვიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუკი რაიმე კონკრეტული პრობლემის შესახებ ექნებათ ინფორმაცია. შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიის ელჩი ფასილიტაციას გაუწევს პარლამენტის კომიტეტების შეხვედრას ინვესტორებთან, რათა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ კონკრეტულ პრაქტიკაზე, თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება და, მეორე მხრივ, თუკი რაიმე ცვლილებებია კანონმდებლობაში შესატანი, რათა ბიზნესმენთა საქმიანობა უფრო გამარტივდეს და პროდუქტიული გახდეს, ამაზეც სრული მზადყოფნა გამოვხატოთ”, – აცხადებს ხიდაშელი.
აღსანიშნავია, რომ, დეპუტატის ცნობით, გიუნტერ ბეხლერის მხრიდან საუბარია ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა, კორუფცია ყოფილიყო.
“მას ამის თაობაზე შეხვედრა ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და საკითხი გარკვევის პროცესშია. ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, ეს კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კანონში არ არსებობდეს არცერთი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდის, მაგალითად, ფინანსური პოლიციის 6-თვიან შემოწმებას, როდესაც ფინანსური პოლიცია რომელიმე კომერციულ დაწესებულებაში ზის, იქედან აღარ მიდის და ეძებს რაღაცას, გაუგებარია რას”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები