ირაკლი შოთაძე: ე.წ. აფრასიძეების საქმეზე გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს
მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. აფრასიძეების საქმეზე ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს შოთაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ე.წ. აფრასიძეების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პიროვნების დაკითხვა მოხდება, ანუ – რა საჭიროების წინაშეც დადგება გამოძიება. ამ ეტაპზე, გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა შოთაძემ.
აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ქაჯაიას დაკითხვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს 24 მარტს სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები მოკლეს.
სპეცოპერაციისას, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, დაჭრეს ომეხის ძმა – გოჩა აფრასიძე.
ამასთან, დააკავეს, ძმები გოჩა და შმაგი აფრასიძეები. მათ 19, 17 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.