ჟენევაში ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე მოქალაქეების დაშვების საკითხი დააყენა
საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დისკუსიების 31-ე რაუნდზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე საქართველოს მოქალაქეების დაშვების საკითხი დააყენა.
“ჩვენი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მედიატორთა ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მსგავსი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება და ჰუმანიტარული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზება ზიანს აყენებს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას მომავალში და მნიშვნელოვნად აფერხებს ნდობის აღდგენას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის”, – აცხადებს დონდუა.