დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი და ,,კულტურული შოკი“
ახალგაზრდა მხატვარი ლევან სონღულაშვილი სულ ახლახან ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. მისი ყველაზე ემოციური, შოკისმომგვრელი ნამუშევრები მას შემდეგ შეიქმნა, როცა ფაშისტურ გერმანიაში ყველაზე პირველი საკონცენტრაციო ბანაკი საკუთარი თვალით იხილა. მიაჩნიამიაჩნია, რომ ხელოვნება, კაცობრიობის საარსებოდ აუცილებელი, ვიტალური მნიშვნელობის პოსტულატია.
– ლევან, როგორ გააცნობთ თავს უცნობ ადამიანს, ანუ თქვენი ვერბალური ავტოპორტრეტი ,,აგვიწერეთ“.
– მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარი პერსონის ვერბალიზებას სიტყვათა ვერანაირი არტიკულაცია იმაზე უკეთ ვერ მოახდენს, ვიდრე ჩემივე შემოქმედება, რომელშიც სახვითი ხელოვნების ფორმით გაცხადებულია პიროვნული ინტერესები, მოსვენებას მაკარგვინებს ტრივიალურ სამყაროში წარმოქმნილი უამრავი პრობლემური საკითხი, რომელთა მიმდინარე პროცესიც აქტიურ ფაზაშია, რაც რაციონალურ თუ სენსუალურ იმპულსებზე გადის და ანტაგონიზმის წარმოშობის მოტივატორად იქცევა; რომელიც შემდგომ ხელოვნების საშუალებით ფორმირდება და ხორციელდება. ამრიგად, ახლო მომავალში, საზოგადოებას ჩემი „ავტოპორტრეტის“ გასაცნობად კონცეპტუალური ხასიათის მორიგ პერსონალურ გამოფენას წარვუდგენ.
– ბავშვობაში თუ გიყვარდა ხატვა? როგორ ფიქრობთ, მხატვრებად იბადებიან?
-ხატვა, როგორც ქმედება, დავიწყე არა შეგნებული ცხოვრების, არამედ მეტყველების საწყის ეტაპზე, ღრმა ბავშვობაში და მას მერე არ გავჩერებულვარ. ხატვა არაა უშუალოდ მხოლოდ სიბრტყეზე გამოსახულების შექმნის დინამიკა, არამედ – აქტისთვის მზაობა, რომელსაც წინ უძღვის ფსიქოლოგიური გარემოებანი, აზროვნების მოდუსთა ტრანსფორმაცია-ჩამოყალიბების ეტაპები და ა.შ. ობიექტური რეალობიდან სუბიექტურ სამყაროში გამუდმებით ვხარშავ მთელ რიგ მოვლენებს, რაც შემდგომ ქვეცნობიერში ილექება, ცნობიერში კი მისი ფილტრაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ხელოვნების ნაწარმოების კონცეფციად გვევლინება. მე მგონი, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მხატვრებად იბადებიან… ეს ერთ-ერთი ძალიან ხშირად დასმული, გავრცელებული შეკითხვაა, რომელზეც ბუნებრივია, სხვადასხვა მხატვრისგან ურთიერთსაპირისპირო პასუხს მიიღებთ. თუმცა ასაკი, თუ როდის იწყებს ინდივიდი ხელოვანად ჩამოყალიბებას, განმსაზღვრელი არაა. მაგალითისთვის მოვიტან ცნობილ ფაქტს ვან გოგის შესახებ, რომელმაც ხატვის „შესწავლა“ 27 წლისამ გადაწყვიტა, სამი წლის შემდეგ ფერწერაში შეუდგა მუშაობას, 37 წლის ასაკში კი გარდაიცვალა, რომლის შემოქმედებაც დღეს, მსოფლიო ხელოვნების მონაპოვარია.
მთავარია, ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე მაინც აღმოვაჩინოთ და სწორად განვსაზღვროთ ჩვენი მისია სამყაროში. საერთოდ, ჩემს შემოქმედებაში ასიმილირებულია გრაფიკა-ფერწერა და ერთმნიშვნელოვნად, ორივე თანაბარად მნიშვნელოვანია. გააჩნია კონცეფციას, დასახულ შემოქმედებით ამოცანას და ინტერესთა ობიექტს, რომლის მიხედვითაც კონსტუირდება ხელოვნების ნაწარმოები. ამ ორ მიკროსამყაროს, ნახევარსფეროთა შერწყმის შედეგად მიღებულ ბინარულ მთლიანობად ავღიქვამ.
– სულ ახლახან ამერიკის წამყვან სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხეთ.
– მოგეხსენებათ, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებელია, სადაც დიდი კონკურენციის ფონზე, ყოველწლიურად მცირე კონტიგენტი მიიღება. მხატვრები მთელი მსოფლიოდან აგზავნიან თავიანთ პორტფოლიოს დადებითი პასუხის მოლოდინში, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანს უმართლებს. სასწავლებელი ორიენტირებულია ტალანტზე, შემოქმედებით ტემპერამენტსა და აზროვნებაზე, ხარისხისა და კვალიფიკაციის მაღალ დონეზე, სადაც ჩარიცხვის შემთხვევაში, განსხვავებულ კულტურულ არეალში, ხელოვანს შანსი ეძლევა, დასაბამი მისცეს სრულიად ახალ, ეგზისტენციალურ-შემოქმედებით პროცესებს, შეიძინოს ახალი ცოდნა-გამოცდილება, რასაც შემდგომ სამშობლოში დაბრუნებული შესაბამის ინსტიტუციას გაუზიარებს. 2014 წლის 27 მარტს დროზე ადრე მივიღე სპეციალური, მიმღები კომისიის გადაწყვეტილების ცნობა, ჩემი წარმატებით ჩარიცხვის თაობაზე, რომ დიდი სიხარულით მიმიღეს სრულ სამაგისტრო კურსზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კრეატიულ სტუდენტურ კონტიგენტში, სადაც ამა წლის 24 აგვისტოდან მელიან. 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა სასტიპენდიო პროგრამა „ცოდნის კარი“, სადაც ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების სრული ჩამონათვალი წარვადგინე. გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომისია იმ კანდიდატთა სწავლის დაფინანსებას მიანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ჩაირიცხებიან მათ მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთაგან ერთ-ერთ საუკეთესოში მოვხვდი. ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებას ველოდები, რომ რაც შეიძლება მალე გაცხადდეს მათი გადაწყვეტილება სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ხოლო, აკადემიაში სასწავლო თანხის გადარიცხვამდე, პირველ აპრილამდე, თავდაპირველად შესატანია სწავლის საფასურის სადეპოზიტო თანხა (850 აშშ დოლარი). იმედია, ქართული მხარე გვერდში დამიდგება.
– ლევან, კონკრეტული პიროვნების მიერ შენი ხელოვნების შეფასება, რომელიც დღემდე გახსოვთ...
– სოციუმისგან სიამოვნებით ვიღებ ჩემი შემოქმედების შეფასებას და ცხადია, რამდენიმე, ჩემთვის სამაგალითო პიროვნების მოსაზრების გამოყოფაც შემიძლია, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. უახლესი პერიოდიდან გამოვყოფდი ორ ფაქტს… პირველი, როცა 2013 წლის 16 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომისიამ, რომელიც შესანიშნავი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, საბაკალავრო სადიპლომო ნამუშევრების გამოფენაზე მაქსიმალური ქულით შეაფასა ჩემ მიერ წარმოდგენილი შემოქმედება და მეორე, როცა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მიმღებმა კომისიამ განიხილა ჩემი პორტფოლიო და ჩარიცხვის შესახებ მოსალოცი წერილი მივიღე.
– გაიხსენეთ ნახატი, რომელიც უცნაურ გარემოში ან რაიმე უცნაური ფაქტის მერე დაგიხატავთ...
-2011 წლის ზაფხულს ორი თვით მიწვეული ვიყავი გერმანიაში, მიუნხენში. იქ ყოფნის პერიოდში განცდილმა კულტურულმა შოკმა და შეძენილმა გამოცდილებამ ჩემზე დადებითად იმოქმედა. ობაამაგაუს (Oberammergau) დიდ თეატრში („Das Passionstheater“) რამდენიმე გერმანული თეატრის მხატვართან ერთად სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებაში ვმონაწილეობდი.
ვიზიტის პერიოდში ორჯერ ვეწვიე დახაუს საკონცენტრაციო ბანაკს, რომელიც, მოგეხსენებათ, პირველი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ფაშისტურ გერმანიაში, საიდანაც მოგვრილი დამთრგუნველი შთაბეჭდილება იქვე შექმნილ ესკიზზე ავსახე.
– ბოლო პერიოდში შემოქმედებითად რა ეტაპზე იმყოფებით?
– ჩემი სადიპლომო ნამუშევარი მოიცავდა შერეული ტექნიკით შესრულებული განზოგადებული პორტრეტებისგან შემდგარ ციკლს, რომლის შექმნის შემდეგ ჩემს შემოქმედებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რამაც არაერთი წარმატება და ქართველი თუ უცხოელი პროფესიონალების ინტერესი გამოიწვია. ამჟამად დაწყებულ სერიაზე განვაგრძობ მუშაობას. გრაფიკულ-კონცეპტუალური ნაწარმოების წინაშე მყოფ დამთვალიერებელს საფიქრად სრულ თავისუფლებას ვუტოვებ. ჩემი ერთ-ერთი მიზანია დიალოგის დამყარება მაყურებელთან; ხელოვნების ნაწარმოებსა და სოციუმს შორის გაჩნდეს უხილავი ხიდი. მსურდა, თვითმყოფადი, ინდივიდუალური შემოქმედების შექმნა, ამავდროულად, „კლასიკური“ ნახატი თანამედროვეობასთან სინთეზში გემოვნებით მომექცია. საბოლოოდ, მიზანს მივაღწიე, რამაც ახალი საზღვრები გახსნა. ძიების პროცესში ორიგინალურ, განსხვავებულ გრაფიკულ-ფაქტურულ გამომსახველობით ფორმასაც მივაგენი და ტექნიკური შესაძლებლობები ნააზრევის განხორციელების საშუალებად გამოვიყენე. ვფიქრობ, ტექნიკური პოტენციალი არ უნდა მართავდეს ხელოვანს, არამედ პირიქით, ეს ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა, რომ ხელოვანმა თავისი ინტერესების სასარგებლოდ, საინტერესოდ განხორციელების საშუალებად აქციოს ის.
– ვიცი, რომ ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული…
– ფოტო რომ საინტერესო იყოს, მხატვრულ-შემოქმედებითი ხედვის განვითარებაა საჭირო. მხატვრების მიერ გადაღებული კადრები კი განსაკუთრებით საინტერესო გამოდის ხოლმე. გარემოში ბევრ შთამბეჭდავ კადრს ვაწყდები, რომლის ფოტოგრაფირების სურვილი, თავისუფალ დროს, ხშირად მიჩნდება.
– რომ არა მხატვარი, ვინ გამოხვიდოდით?
– მუსიკოსი, მწერალი ან რეჟისორი… რადგან მუსიკისადმი ჩემი ინტერესი ბავშვობიდან იღებს სათავეს, როცა საკუთარი ინიციატივით, სმენით, ფორტეპიანოზე დავიწყე მუსიკალური კომპოზიციების შესრულება, რაც დღემდე, ნოტების გაურჩევლად, გრძელდება. პროზა, ისევე, როგორც მუსიკა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი თანამგზავრია… ხშირად მიმიღია მონაწილეობა ლიტერატურულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და მხატვრული წერის კონკურსებში, სადაც არაერთხელ მოვიპოვე გამარჯვება. უმაღლესში ჩაბარებამდე წარმატებით დავდგი რამდენიმე მინი-პიესაც. ხელოვნება, კაცობრიობის საარსებოდ აუცილებელი, ვიტალური მნიშვნელობის პოსტულატია!
– როგორ და სად წარმოგიდგენია მხატვარი ლევან სონღულაშვილი 20 წლის მერე?..
– მოცემულ ეტაპზე მოვლენებს არ გავუსწრებ და წინასწარი ვარაუდისგანაც თავს შევიკავებ. პასუხს ოც წელიწადში შევიტყობთ.
თეონა გოგნიაშვილი