ვახტანგ გომელაურმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. შს მინისტრი მარგიშვილის ოჯახში დღეს იმყოფებოდა. მანამდე ვახტანგ გომელაურმა ე.წ. არამიანცის კლინიკაში დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა.
„პოლიციელი დაიღუპა და მე ვფიქრობ, რომ ჯობია პროკურატურამ გამოიძიოს. ჩვენ რა თქმა უნდა ოპერატიულად ყველანაირად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია, დადგენები იქნება თუ რაც იქნება. გამოძიებით პროკურატურა იძიებს და მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან პოლიციელებია დაჭრილი. რომ არ დაგვადანაშაულონ შემდგომში, როგორც ხდება სამწუხაროდ, წეღანაც ვისაუბრე – მიკერძოებაში – რომ რაღაც არასწორად წავიყვანეთ გამოძიება და ასე შემდეგ“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში ორი სამართალდამცველი დაჭრეს.
შსს-ს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები