შინაგან საქმეთა მინისტრმა დაჭრილი პოლიციელი მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრი ასევე შეხვდა და გაესაუბრა დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს. ვახტანგ გომელაური ექიმს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მისგან ინფორმაცია მიიღო. ექიმის განცხადებით, ვალერიან გრძელიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, პოლიციელი ამჟამად რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.
„გუშინ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია. თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს პიროვნება, რომელსაც მოსთხოვეს შეჩერებულიყო – მისი დადგენის მიზნით. მან გახსნა ცეცხლი მოულოდნელად და მიიმალა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ჰგავს იმ ბორჯომის შემთხვევას, მაგ მიმართულებითაც ვმუშაობთ. სამწუხაროდ, გადმოყვანილი ჩვენი პოლიციელი ვერ გადარჩა, ვერ გადაარჩინეს ექიმებმა. დიდი მადლობა მინდა ექიმებს გადავუხადო, ყველაფერი გააკეთეს მათ. მეორეს – გრძელიშვილის მდგომარეობა – სტაბილურად მძიმეა, თუმცა სიცოცხლის საფრთხე ძალიან პატარა პროცენტია, ჩვენი ექიმების თქმით“, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.