თბილისში სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაშავებულია სამი ადამიანი
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა და სამი მგზავრი დაშავდა.
როგორც „კვირას“ კომპანია „ყვითელი ავტობუსების“ დირექტორის მოადგილემ დავით ასანიძემ განუცხადა, ავტო-საგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის ბრალეულობით არ მოხდარა.
მისივე თქმით, “ყვითელ მარშუტკას” მსუბუქი ავტომანქანა გვერდიდან შეეჯახა, რის შედეგადაც ამოტრიალდა.
დავით ასანიძის ინფორმაციით, მძღოლი, რომლის დაუდევრობით ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა დაკითხვაზეა გადაყვანილი. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრებიდან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მძღოლს კი დახმარება ადგილზე გაეწია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.