“მოპარული ფული ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თბილისის მერიაში ფინანსთა სამინისტროს არც ერთი უწყება არ მუშაობს. როგორც ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს ორი უწყება მერიის კონტრაქტორ კომპანიებთან მუშაობს, რომლებზეც ეჭვები არსებობს. “ფინანსთა სამინისტროს ორი უწყება, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, მუშაობს იმ კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებზეც გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ მონაწილეობდნენ იმ გარიგებებში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მითვისებას შეეხებოდა. ამიტომ ასეთ კომპანიებს საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურები ამოწმებდა და შეამოწმებს. პროცესი გამოძიების ინტერესის გათვალისწინებით ღია იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური ქმედებები და არანაირ სხვა მიზანს არ ემსახურება გარდა ერთისა, მოპარული ფული ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს “, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.