თეა წულუკიანი: პროკურატურის რეფორმა მინისტრი-პროკურორის მოდელის დაბრუნებას გამორიცხავს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურის რეფორმა წელსვე და სწრაფად უნდა ჩატარდეს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მოცემულ საკონსტიტუციო ჩარჩოებში ორი სხვადასხვა შესაძლო მოდელია შემუშავებული, რომელზეც კვირის ბოლოს სამუშაო ჯგუფის სხდომა შეიკრიბება.
სხდომაზე გაასაჯაროვებენ იმას, თუ რაზე ფიქრობენ და გაიმართება დისკუსია.
“პროკურატურის რეფორმა ჩატარდება წელს, სწრაფად, იმ საშუალებებით, მათ შორის, კონსტიტუციური, რაც გვაქვს”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური ნებით სწრაფი ტემპით ჩატარდება რეფორმები, რაც გამორიცხავს იმ მოდელის დაბრუნებას, რომელსაც მინისტრი-პროკურორის მოდელი ჰქვია.
“კონსტიტუცია ამბობს, რომ მთავარი პროკურატურა არის იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში და რომ ზოგად ხელმძღვანელობას პროკურატურაზე ახორციელებს იუსტიციის მინისტრი. რაკი გვაქვს პოლიტიკური ნება, მოგვიწევს სწრაფი ტემპით ვიაროთ რეფორმებით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ დავბრუნდებით იმ მოდელში, რომელსაც ჰქვია მინისტრი პროკურორის მოდელი, ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენ ამ მოდელში არასოდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ მთავრობის მმართველობის პირობებში არ დავბრუნდებით იმისათვის, რომ პოლიტიკა არ იყოს საპროკურორო საქმიანობის ნაწილი”, – განაცხადა წულუკიანმა.