სოფლის მეურნეობის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა
დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქვეყანაში პირუტყვის დაავადებების რისკის შემცირების, მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძემ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ საქართველოს წარმომადგენლობის ALCP – ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრადბერიმ მოაწერეს ხელი. ,,აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განთავსებული ბიოუსაფრთხოების პუნქტები, ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ცხოველთა დაავადებების გავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 5 ბიოუსაფრთხოების პუნქტის გახსნა იგეგმება“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ. გასულ წელს ქვემო ქართლის რეგიონში გამავალი პირუტყვის გადასარეკ ტრასაზე ბიოუსაფრთხოების პუნქტების განსათავსებელი ტერიტორიების შერჩევა განხორციელდა. ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, სტაციონალური კრემატორიუმები, საწყობი, ვეტპუნქტი და ა.შ. ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია თავიდან იქნეს აცილებული დაინფიცირებული პირუტყვის ტრასებზე მოძრაობა და ინფექციების გადატანა-გავრცელება. დაგეგმილია ბიოუსაფრთხოების 5 პუნქტის მოწყობა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებზე. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ბიოუსაფრთხოების ხუთი პუნქტიდან ორს (გარდაბანსა და მარნეულში) მოაწყობს „მერსი ქორფსი“, ხოლო სამს (დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ბოლნისში) სურსათის ეროვნული სააგენტო.