მოსალოდნელია თუ არა მსოფლიოში "საკარტოფილო შიმშილი"?
XIX საუკუნის შუა წლებში კარტოფილის ავადმყოფობის – ფიტოფტოროზის გავრცელების გამო ირლანდიაში დაახლოებით ერთი მილიონი კაცი შიმშილობდა. დღეს ეს დაავადება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურას ისევ ემუქრება.
ფიტოფტოროზის დროს მცენარის ფოთლები და ღეროები ხმება, ბოლქვი კი დანაოჭება. ფიტოფტოროზთან აქტიური და ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად, დაავადება სწრაფად ხდება მდგრადი ფუნგიციდთა მიმართ.
მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა კულტურულ მცენარეთა ფართო კვლევის ანალიზი, რომელიც ჩატარდა კულტურულ მცენარეთა ბოოლოგიისა და სელექციის საკითხებზე მომუშავე მთელი რიგი სამეცნიერო ცენტრის მონაწილეობით. მსოფლიო ორგანიზაციებმა (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი) შეიმუშავეს ამ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის გადარჩენის მეთოდიკა.
დღეს ადამიანი წელიწადში დაახლოებით 31,3 კგ კარტოფილს მოიხმარს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასურსათო კომიტეტის მონაცემებით, კარტოფილი მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყანაში მოჰყავთ. კარტოფილი მდიდარია ნახშირწყლებით, ის ბევრ ვიტამინს შეიცავს. კარტოფილი ღარიბ ნიადაგზეც იზრდება და სხვა კულტურებზე გაცილებით უფრო ამტანია. გარდა ამისა, ის საქონლის მნიშვნელოვანი საკვებია.
მაგრამ კარტოფილის მოყვანასთან დაკავშირებით მაინც არაერთი პრობლემა არსებობს. ქვეყანათა უმრავლესობაში გამოიყენება მხოლოდ რამდენიმე მონათესავე ჯიში კარტოფილისა. სწორედ გენეტიკური ერთგვაროვნების გამო კარტოფილი მოწყლადია ფიტოფტოროზის მიმართ.
ირლანდიის შიმშილის ანალოგიურად, თანამედროვე ეკონომიკური უთანასწორობა აძლიერებს შესაძლო საშიშროებას კარტოფილის დაავადების გამო. ამიტომ ღარიბ ფერმერულ მეურნეობაშიც კი საჭიროა ფიტოფტოროზთან ბრძოლის ახალი მეთოდების დანერგვა.
„სამწუხაროდ, ყოველწლიურად ფიტოფტოროზის მცირე ეპიდემიის მსხვერპლი ხდება ცალკეული ფერმერული მეურნეობები, ზოგჯერ კი მთელი მხარე, – ამბობს ჩარლზ ნიბლეტი, ჩრდილო კაროლინაში მდებარე მცენარეთა ბიოტექნოლოგიის კომპანიის პრეზიდენტი. – ფიტოფტოროზი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. მას ძალუძს კარტოფილის მთელი მოსავლის ან მისი დიდი ნაწილის დაღუპვა, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია”. ფერმერები კატასტროფული ეპიდემიისაგან იცავენ თავს ფუნგიციდთა მეშვეობით, ხშირად ცვლიან დასათესი კარტოფილის ჯიშს, იყენებენ ჯანსაღ თესლს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიფხიზლეს არ კარგავენ.
მაგრამ პრობლემის გადაჭრა, უპირველეს ყოვლისა, სელექციას, ანუ ეგრეთ წოდებულ „მწვანე რევოლუციას”, უკავშირდება. საჭიროა რამდენიმე ახალი კარტოფილის ჯიშის შექმნა, რომელიც მდგრადი იქნება ფიტოფტოროზის მიმართ და, ამასთანავე, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კატეგორიაში არ მოხვდება. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს გენეტიკოსთა ინსტიტუტებსა და ცალკეულ ჯგუფებს მონაწილეობა მიიღონ კარტოფილის ჯიშების გამოყვანაში. ამისათვის გათვალისწინებულია უხვი დაფინანსებისა და მიზნობრივი გრანტების გამოყოფა როგორც სამეცნიერო ორგანიზაციათა, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროთა ფონდებიდან.
წყარო:http://tornikeeristavi.blogspot.com