რა მესიჯი მისწერა გია ვოლსკის დუტა სხირტლაძემ?
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადების თაობაზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ მიემართათ, ფრაქციის ყველა ხელმძღვანელთან შეთანხმებული პოზიცია იყო. დეპუტატი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში იმ გარემოებებს იხსენებს, რაც 20 მარტს გადაცემა “რეაქციაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მისვლის თემას უკავშირდებოდა.
„ინგა გრიგოლიამ კი თქვა, არ მგონია, რომ გია ვოლსკის განცადებას ყველა ეთანხმებოდესო, მაგრამ ეს არის ფრაქციის ყველა ხელმძღვანელთან შეთანხმებული პოზიცია. გადავწყვიტე, გამერკვია, ვინ გააკეთა ასეთი ზარი ჟურნალისტთან, ან მისი გადაცემის პროდიუსერებთან. იქნებ, მართალიც იყო წამყვანი, რომ ვიღაცამ იკადრა ასეთი რამის გაკეთება. ნებისმიერი მედიასაშუალება დაზღვეული უნდა იყოს, რომ სამთავრობო სტრუქტურებიდან მითითება ვერავინ გაბედოს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკა. კონკრეტული პერსონები შერჩეულნი არ იწვნენ, თუ ვის უნდა მიეღო გადაცემაში მონაწილეობა. ზარი განხორციელდა ჩვენს პრესსამსახურთან, მოვილაპარაკეთ, რომ 20 მარტს დებატების ფორმატში უმრავლესობის წევრების მისვლა საჭირო არ იყო, ისედაც აწეული გახლდათ პოლიტიკური ტემპერატურა,თუმცა, როგორც გავიგეთ, მთავრობიდან მიწვეული იყო ლევან იზორია , რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემდა. პრესსამსახურმა მოახსენა, რომ ჩვენი უფლებაა, არ მივიღოთ მონაწილეობა. როცა სახლში მივედი, გვიანი იყო და ვერ მოვახერხე ტელეფონის ზარებისთვის და სმს-ებისთვის მეპასუხა. დუტა სხირტლაძისგან იყო მოსული სმს-შეტყობინება, ხომ არ ინებებდით გადაცემაში მონაწილეობასო. როგორც ჩანს, ის გადაცემა “იმედის კვირაში“ მიწვევდა, რაც შეეხება გადაცემა “რეაქციას“,პირადად მე, მოწვევა არ მქონია“, – აცხადებს დეპუტატი “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
20 მარტს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გადაცემა „რეაქციის“ ფორმატში ჩაერია და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. გრიგოლიამ ასევე გაიხსენა, რომ 2006 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ბოიკოტი. ინგა გრიგოლიას განცხადებას, სარედაქციო პოლიტიკაში უმრავლესობის ჩარევასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებული უწოდა დეპუტატმა გია ვოლსკიმ . მან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართა. თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, მათი კოლეგის განცხადების მართებულობაზე.