ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლშია გადასვენებული
გუშინ, ჯერაც დაუდგენელი პირის მიერ მოკლული ბიზნესმენი, ბესიკ ხარძიანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, საკუთარ სახლში, მარაბდის 25 ნომერშია გადასვენებული.
ბესო ხარძიანი მრავლობითი ჭრილობებით თავის, გულ-მკერდისა და მუცლის მიდამოებში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ბიზნესმენის სახლთან მისი ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. წლების განმავლობაში ის სხვა ბიზნესწილებსაც ფლობდა. კომპლექსის „კუს ტბა” მფლობელი 2011 წლის თებერვალში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის II ნაწილის „ა” პუნქტით ედებოდა – საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე. ხარძიანს რვა წელი ჰქონდა მისჯილი. საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე, 2014 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის შეიწყალა.
ბიზნესმენმა 2 წელი ციხეში გაატარა, თუმცა ბრალდებას უარყოფდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ იგი ამბობდა, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და 2 წლის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა. როგორც ხარძიანი აცხადებდა, მისი დაკავების ინიციატორები: ზურაბ ადეიშვილი, გია უდესიანი და დავით კეზერაშვილი იყვნენ.