პროკურატურამ ბესო ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი შექმნა

პროკურატურას ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი სავარაუდოდ, უკვე გააჩნია, – ამის შესახებ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. ადვოკატი ადასტურებს, რომ გამოძიებას სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს.
ადვოკატი მალხაზ სალაყაია მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი ბესო ხარძიანის შვილთან ერთად. ხარძიანის შვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა.
ბესო ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები