გიორგი უდესიანი ბრალდებებს უარყოფს
გიორგი უდესიანი ბეისკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. როგორც უდესიანმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები სიბინძურეა.
„მე გამწარებული ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე მინდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. რაღაც ჯგუფია, რომლებიც ამ შავ პიარს აგორებენ, ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართლადამცავი ორგანოები, არსებობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს“,- განაცხადა გიორგი უდესიანმა.
ბესიკ ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა. ოჯახის წევრები ხარძიანის მკვლელობაში გიორგი უდესიანს ადანაშაულებენ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.