ბესიკ ხარძიანის საქმე – რა განცხადებებს აკეთებდა ბიზნესმენი ადეიშვილის, უდესიანის, კეზერაშვილის, ახალაიასა და ჩხატარაშვილის შესახებ

ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. წლების განმავლობაში ის სხვა ბიზნესწილებსაც ფლობდა. კომპლექსის „კუს ტბა” მფლობელი  2011 წლის თებერვალში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის II ნაწილის „ა” პუნქტით ედებოდა – საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე.

ხარძიანს რვა წელი ჰქონდა მისჯილი. საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე, 2014 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის შეიწყალა. ბიზნესმენმა 2 წელი  ციხეში გაატარა, თუმცა  ბრალდებას უარყოფდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ იგი ამბობდა, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და 2 წლის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა. როგორც ხარძიანი აცხადებდა, მისი დაკავების ინიციატორები: ზურაბ ადეიშვილი, გია უდესიანი და დავით კეზერაშვილი იყვნენ.

hgyk„მე მზად ვარ,  ვითანამშრომლო გამოძიებასთან,  მე მზად ვარ, ისე როგორც ყოველთვის ვიაზროვნო სახელმწიფოებრივად და სამართალმა თავისი  მტკიცებულებებით თავისი სიტყვა თქვას, რათა  ერთხელ და სამუდამოდ კუს ტბის თემაზე საუბარი დამთავდეს. რაც შეეხებათ  დამნაშევებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა,  მტკიცებულებები უნდა,  ესენი არიან:  ადეიშვილი, კეზერაშვილი, უდესიანი,  ყველა ის ოფიცერი და  თანამშრომელი, მათ შორის,  უსაფრთხოების უფროსი ყაჭეიშვილი, რომელიც მე ციხეში  მაწამებდა და მაწვალებდა“, – ამბობდა ხარძიანი.

აღსანიშნავია, რომ ხარძიანმა გასულ წელს, გადაცემა „დიდ პოლიტიკაში” განაცხადა, რომ მას ვანო მერაბიშვილის ბრძანებით პირში ჰეროინი ჩააყარეს. როგორც ხარძიანი ამბობდა, კუს ტბის აქციები ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს, თუმცა ამის შემდეგაც არ გაათავისუფლეს. ხარძიანის თქმით, მის დაკავებაში ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილიც მონაწილეობდა.

„იმედია, ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ. დავით ჩხატარაშვილს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, გიორგი უდესიანთან ერთად კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონად უნდა მიეყიდა. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ მთვარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული, ამიტომ დამიჭირეს და გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება”, – აღნიშნა ხარძიანმა გადაცემაში „დიდი პოლიტიკა”.

ამასთან, ხარძიანი აცხადებდა, რომ მის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყვნენ გიორგი უდესიანი და ვინმე ქურასბედიანი.

3809axalaia dataხარძიანმა ამავე გადაცემაში პატიმრობაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დათა ახალაია ნასვამ მდგომარეობაში მისული იყო გლდანის ციხის დირექტორთან. მისი მითითებით საპატიმრო დაწესებულების დირექტორის ოთახში ბიზნესმენისთვის „ყველაფერი საშინელება უნდა ჩაეტარებინათ”.

„გლდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი გასასვლელამდე, ვყვიროდი, რომ მოკვლას მიპირებდნენ და ამან შეაფერხა. ორი წელი ციხეში მაწამებდნენ, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს. სანამ ე.წ. კარანტინში ვიჯექი, ყოველდღე მცემდნენ”, – იხსენებდა ბიზნესმენი.

2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,   ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა კუს ტბის წილები დაიბრუნა. სასამართლომ იძულებით გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნო და ბიზნესმენს საკუთრების უფლება აღუდგინა. თუმცა, მეორე მხარემ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. აღნიშნული დავა დღემდე გრძელდება.

ბესიკ ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები