თიბილოვი და პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე მუშაობენ
მოსკოვს და ცხინვალს შორის გაფორმებული “შეთანხმების” ფარგლებში, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებას ხელი უნდა შეუწყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია, პირველ რიგში, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნებზე. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას და აშშ-ს, ისინი, თიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთისთვის მტრული სახელმწიფოები არიან და მათი უარყოფითი რეაქცია მოსკოვი-ცხინვალის ხელშეკრულებაზე მოსალოდნელი იყო.
საერთაშორისო აღიარების გარდა, თიბილოვი კვლავ საუბრობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების შესაძლებლობაზე. მისი განმარტებით, ეს საკითხი მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღია.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის თავისუფალი გადაკვეთის რეჟიმს, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, თიბილოვის თქმით, ეს საკითხი საბაჟო კავშირის ორ წევრთან – ყაზახეთთან და ბელორუსიასთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. ამიტომ ამ ქვეყნებთან ცალკე, დიდი ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი.
ლეონიდ თიბილოვი ასევე შეეხო თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისთვის რუსული ფინანსური დახმარების საკითხს, რაზეც გასულ წლებში ბევრი პრეტენზია არსებობდა, ვინაიდან, ფული არადანიშნულებისამებრ იხარჯებოდა. თიბილოვი ამბობს, რომ ამჟამად თანხების გადანაწილების მკაცრი მექანიზმები არსებობს და სწორედ ამიტომ ფული გამოყოფილია სამი და არა ერთი წლით, როგორც ადრე ხდებოდა. „ეს ჩვენ მიმართ ნდობის გამოხატულებაა“, – განუცხადა თიბილოვმა ჟურნალისტებს.