ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც ეგ შეკითხვა დაგასმევინათ, მათ ვეუბნები, რომ ახლაც წააგეს
„ვინც ეგ შეკითხვა დაგასმევინათ, მათ ვეუბნები, რომ ახლაც წააგეს“, – ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „პირველი რადიოს“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ 1 ლარად შეძენილ ფართს ეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ხორციელდება თუ არა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენების ფაქტი. რადგან, როგორც ჟურნალისტი განმარტავს, სწორედ ასეთი სიტუაცია ჰქონდა აგრარულ უნივერსიტეტსაც და აღნიშნულზე ეკონომიკის სამინისტრო ედავებოდა მას.
ჟურნალისტის კითხვაზე ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოება აღნიშნული მიმართულებით შეჰყავთ შეცდომაში. მისი თქმით, ამ მიმართულებით ტყუილად სახელდება უჩა მამაცაშვილის სახელი და გვარი. რადგან, როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, უჩა მამაცაშვილს აღნიშნულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ვინც ეგ შეკითხვა დაგასმევინათ, მათ ვეუბნები, რომ ახლაც წააგეს. თქვენი მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. მე ვაცხადებ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, კიდევ ერთხელ მინდა იმედები გავუცრუო. მაგალითი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, არ არის მაინცდამაინც ადეკვატური. გუშინ ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განმარტება, ის მიწა, რომელიც იყო ხრიოკი გარდაბანში, არავინ იყენებდა და იყო 2 მილიონად შეფასებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გადაეცა ერთ ლარად. ეს არის დადგენილი სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ სანაცვლოდ ამისა, თანაინვესტირების ფონდმა, და არა ბატონმა უჩა მამაცაშვილმა, აიღო ინვესტირების პასუხისმგებლობა. რა შუაშია ამასთან უჩა მამაცაშვილი? არ უნდა შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. თუ თანაინვესტირების ფონდი მსგავს პროექტს განახორციელებს სხვაგანაც, სახელმწიფო მზადაა, ისევ ერთ ლარად გადასცეს ფართი, თუკი ეს იქნება საინტერესო სახელმწიფოსთვის და დაეხმარება ადგილობრივი ინვესტიციის განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.