“ხელისუფლებაში ყოფნისას სააკაშვილმა უნიტაზი 4.442 ლარად შეიძინა”
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას გაცილებით მეტ თანხას ხარჯავდა ქვეყნის პირველი პირის კომფორტისთვის, ვიდრე „ქართული ოცნება, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა“ წერს.
აღნიშნულის დასადასტურებლად გამოცემა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე რეზიდენციის მოსაწყობად დახარჯული თანხების ხარჯთაღრიცხვას აქვეყნებს. “კვირის პალიტრის“ ცნობით, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად სააკაშვილიც, ძირითადად, იტალიურ ავეჯს ამჯობინებდა, თუმცა, გაცილებით ძვირადღირებულს.
„მაგალითად, ავლაბრის რეზიდენციისთვის შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფამ“ რამდენიმე საძინებლის, მისაღები ოთახის, სამზარეულოსა და სხვა სივრცეებისთვის დიდი ოდენობით ავეჯი შეიძინა. ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილს 8.600-ლარიან საწოლში ეძინა, პრეზიდენტის კომოდი 2.508 ლარი დაჯდა, ტუმბო – 967 ლარი, 2 ცალი სავარძელი 9.172 ლარი, ჟურნალების მაგიდა – 1.815, კარადა კი 12.793 ლარი. საძინებელ ოთახს ახლავს აივანიც, სადაც განთავსებული გახლდათ 5.682 ლარად ღირებული 3 სავარძელი და 3.105-ლარიანი მაგიდა. ავლაბრის რეზიდენციის ეზოში 5 ცალი ქოლგა 2.687 ლარი დაჯდა, ერთი საქანელა კი – 3.702 ლარი. შთამბეჭდავია პრეზიდენტის ლიკანის რეზიდენციაც, რომლის რბილი ავეჯით გაწყობის მიზნით „სახელმწიფო უზრუნველყოფამ“ ხელშეკრულება შპს „იტალ დიზაინთან“ გააფორმა. ლიკანის რეზიდენციაში სააკაშვილის საწოლის ფასი – 4.742 ლარია, მატრასი – 1.916 ლარი, 2 ცალი ტუმბო – 4.215 ლარი, კარადა – 8.382 ლარი, სეკრეტერი – 6.466 ლარი, 2 ცალი სავარძელი – 4.790 ლარი, კამოდი – 4.550 ლარი, სარკე – 694 ლარი. ამავე რეზიდენციის სამზარეულოს მოსაწყობად ნაყიდია 25.866 ლარის ღირებულების სკამი, საბილიარდოსთვის რბილი ავეჯი კი 13.172 ლარი დაჯდა“, – წერს გამოცემა. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, სააკაშვილის წეროვნის რეზიდენციის რბილი ავეჯით მომარაგება საერთო ჯამში ბიუჯეტს 350 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. მხოლოდ საბავშვო ოთახისთვის DEDALO-ს კომპლექტი 14.585 ლარი დაჯდა. „სახელმწიფო უზრუნველყოფამ“ პრეზიდენტისთვის ასევე შეიძინა VITRA-ს ფირმის 35 საოფისე სკამი, რაც ბიუჯეტს 110.506 ლარი დაუჯდა. 19.477 ლარია გადახდილი ტრენაჟორში, ჰიდრომასაჟორებში კი –22.803 ლარი. პრეზიდენტისთვის PIAZZA DISPAGNA-ს საწოლის შესაძენად ბიუჯეტმა 5.501 ლარი გაიღო, უნიტაზი კი გადასახადის გადამხდელებს 4.442 ლარი დაუჯდათ. „სახელმწიფო უზრუნველყოფამ“ გერმანულ საათში 45.586 ლარი გადაიხადა, შვეიცარიული წარმოების ეზოში გასაშლელი¬3 ქოლგა კი 16.716 ლარი დაჯდა. რეზიდენციისთვის ასევე შეძენილია 24 ცალი ხალათი, საერთო ღირებულებით 13.751 ლარი“,-წერს გამოცემა.