„ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს“
ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს, – ამის შესახებ კომენტარი ევროკომისარმა შტეფან ფულემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გააკეთა. ევროკომისარმა დღესვე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არსსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტის გარშემო ბევრი დაუსაბუთებელი მითი არსებობს. ამ კონტექსტში, შტეფან ფულემ ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
“დასავლეთის სურვილი არ არის, საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს. საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია და ამისი არავის უნდა ეშინოდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ერთსქესიანთა ქორწინებას და თავს მოხვევას ითხოვს. ხელშეკრულებაში ასეთი არ არსებობს და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას”, – განაცხადა ფულემ. ევროკომისრის განმარტებით, ერთადერთი მოთხოვნა, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რაც მისივე თქმით, ზოგადად, აუცილებელია ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად.
“ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისადმი მოპყრობა დისკრიმინაციული არ იყოს სქესის, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით”, – განაცხადა შტეფან ფულემ.