გოგა ხაინდრავა: სააკაშვილს დავპირდი, რომ „ნიუნბერგის პროცესს“ მოვუწყობ და ამ პირობას შევასრულებ
რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაჰპირდა, რომ „ნიუნბერგის პროცესს“ მოუწყობდა და ამ პირობას შეასრულებს.
ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ მრავალსერიანი ფილმის შესახებ საუბრობს, რომლის გადაღებასაც გეგმავს.
„დრამა, ტრაგედია, აბსურდი, დეტექტივი, გროტესკი და ეროტიკაც იქნება. პოლიტიკური ხასიათის სერიალში ყველა კრიტერიუმი იქნება და შესაძლოა, ის მსოფლიო დონის ფილმიც გახდეს“, – ამბობს გოგა ხაინდრავა.
რეჟისორი არ გამორიცხავს, რომ ფილმში გადასაღებად უცხოელი მსახიობებიც მოიწვიოს, რადგან სერიალი უცხოურ ბაზარზეც აქტიურად უნდა გავიდეს, თუმცა რეჟისორი გავრცელებულ ინფორმაციებს, მსახიობ ენტონი ჰოპკინსისა და ნიკოლას ქეიჯის მოწვევის შესახებ აბსურდულს უწოდებს.
„ჩვენი უბედურების თხრობა შევარდნაძის პერიოდიდან დაიწყება, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური ჭაობი ჩამოყალიბდა. სწორედ ამან განაპირობა, რომ ხელისუფლება ხელში უმეცარმა, ლამის წერა-კითვის უცოდინარმა გუნდმა ჩაიგდო. ეს იქნება მხატვრული ფილმი, სადაც დოკუმენტურ კადრებსაც გამოვიყენებთ. უკვე 2 თვეა იმ ადამიანების ჩაწერას ვაწარმოებთ, ვისაც რეჟიმი სასტიკად მოექცა. ვწერთ ამ ისტორიებს და არქივს ვაგროვებთ.
დარწმუნებული ვარ, როდესაც ფილმი დასრულდება მას მსოფლიო ინტერესით ნახავს. ამ ფილმით სააკაშვილის უტიფარ უცხოელ ლობისტებს დავამარცხებთ და საინფორმაციო ომს მოვიგებთ. მიხეილ სააკაშვილს დავპირდი, რომ „ნიუნბერგის პროცესს“ მოვუწყობ და ამ პირობას შევასრულებ“, – ამბობს გოგა ხაინდრავა „ასავალ-დასავალთან“.
მისი თქმით, ფილმის მთავარი სიუჟეტი რეჟიმის წარმომადგენელთა, ბოროტების ჩამდენთა სასამართლო პროცესი იქნება, ამ სასამართლოზე ბრალდებულთა საქმეების, მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, საქმეები სასამართლო დარბაზს გასცდება და ქუჩებში, სახლებში, კაბინეტებში და სხვა ადგილებში გადაინაცვლებს.
რეჟისორის განცხადებითვე, ეს იქნება სასამართლო, სადაც ანტიჰუმანური რეჟიმის შემქმნელებს ქართველ ხალხის სახელით განაჩენს გამოუტანენ.
ხაინდრავას თქმით, ფილმის სცენარზე ირაკლი სამსონაძე მუშაობს, ხოლო მისი სახელწოდება პირობითად „9+1“ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეს სახელწოდება შეიცვალოს.