„დედა, მე ჩემს თავს ვსჯი” – შვილი, რომელმაც თავი მოიკლა და დედა, რომელიც “ნაციონალებს” ტოტალიზატორების დახურვას სთხოვდა

„მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა და კახა – ბოდიში. ყველა ძალიან მიყვარხართ. მე ასე უნდა გავაკეთო, უნდა გავჩერდე, თორემ უფრო მეტ ზიანს მივაყენებ ჩემ ირგვლივ მყოფთ, ყველას ბოდიში. დედა, მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი, რომ შენც გსჯი. გული კი მართლა ბევრჯერ გატკინე¬ და მართლა ძალიან განვიცდიდი… იმედია, ღმერთი მაპატიებს”,- აღნიშნული წერილი მამუკა ნანიკაშვილმა თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა.
აზარტული თამაშები მისთვის ცხოვრების დამღუპველი წესი გახდა, რომელმაც საბოლოოდ აიძულა, რომ ყველაზე კრიტიკული და ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მიეღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის ტოტალიზატორებისა და კაზინოების დახურვას სთხოვდა, რადგანაც, მისი განცხადებით, არ შეიძლება, რომ მრავალთა კეთილდღეობამ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ლუიზა ნანიკაშვილი ამბობს, რომ კაზინოების მსხვერპლი დღეს უამრავია. მშობლები მალავენ, რომ მათმა შვილებმა დიდძალი ფულის წაგების¬ გამო თავი მოიკლეს. “თუ ვინმე შეეცდება კაზინოების არსებობის იმით გამართლებას, რომ ასეთი ორგანიზაციები სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბიუჯეტში დიდი ფული შედის, შევახსენებ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას: არ შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს მრავალთა კეთილდღეობამ.
კაზინოების მსხვერპლი კი უამრავია. მშობლები მალავენ, რომ მათმა შვილებმა დიდძალი ფულის წაგების¬ გამო მოიკლეს თავი. ნუ დუმხართ, ჩვენს შვილებს აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ! მოვუწოდოთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს ბოროტება, თორემ აღარ იარსებებს ჩვენი ერი! ისინი¬, ვინც ქვეყნის ერთი¬ანობისთვის ბრძოლას, ერის გამრავლებას უნდა ემსახურონ, ეშმაკთან ბრძოლაში არაფრისთვის იღუპებიან. თუ ამისგან არ შეგიძლიათ იხსნათ ქვეყანა, აბა, რა არის თქვენი დანიშნულება?! მე ხომ ისედაც ვერ მეხმარებით. ხუთი თვის პენსია წინასწარ ავიღე, რომ რამდენიმე კვირა გავიტანოთ თავი მე და ჩემმა შვილმა, რომელსაც, დიდი, სურვილის მიუხედავად, ვერ ასაქმებთ”, – აცხადებს ლუიზა ნანიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები