მანანა კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა
“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა და ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიაყენა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს ამ განცხადებით შეურაცხყოფა, კობახიძემ განმარტა, რომ იგი „ნაციონალების“ ოჯახის წევრებისა და ლიდერების ოჯახის წევრებს და საზოგადოების იმ ნაწილს გულისხმობდა, რომლებიც პარტიიდან იღებენ ხელფასს და მათ წინაშე თავს ვალდებულად თვლიან. “თუ რამე არასწორად გამომივიდა ბოდიშს ვიხდი. დავაზუსტებ: ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრი გამოხატოს, მაგრამ აქციაზე იყვნენ “ნაციონალების” ოჯახის წევრები, დაპატიმრებული მერაბიშვილის, ახალაიას და სხვათა ოჯახის წევრები, ნათესავები, მათი კოორდინატორები, რომლებიც ხელფასებს იღებენ მათგან და თავს ვალდებულად თვლიან, რომ იქ მივიდნენ. ასევე – “თავისუფალი ზონის” ახალგაზრდები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რაღაცას შეცვლის მათ სასარგებლოდ. საზოგადოება იქ არ მისულა. ქართულმა საზოგადოებამ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთხელ უთხრა “არა”, გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან და ახლა რა თქმა უნდა, მათ დაძახილზე საზოგადოება იქ არ მივიდოდა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.