„სააკაშვილი თავისი განცხადებებით უკრაინის ხელისუფლებას აყენებს უხერხულ მდგომარეობაში“

მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, შესაძლოა, ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად იქნას აღქმული – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „კვირასთან“ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ კრიტიკულ განცხადებას.
გია ხუხაშვილის აზრით, მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო უწყების მიერ უკრაინის ხელისუფლებისთვის სააკაშვილის განცხადებების გამო ნოტის გაგზავნა არ უნდა მოხდეს. პოლიტოლოგის თქმით, უმჯობესია ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით კონსულტაციები გაიმართოს და მოიხსნას ის უხერხულობა, რომელსაც სააკაშვილი თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით ქმნის.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა, ერთი მხრივ, შესაძლოა, აღქმული იქნას, როგორც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, ვინაიდან მას უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. მეორე მხრივ, ვინაიდან ყველამ ვიცით სააკაშვილის სტილი, მისი იმპულსურობა, არ არსებობს იმისი აუცილებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყებამ უკრაინას სააკაშვილის განცხადებების გამო ნოტა გაუგზავნოს, ასეთი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დაძაბავს. სააკაშვილი ბოროტად იყენებს სტატუსს და თავისი განცხადებებით, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლებას აყენებს უხერხულ მდგომარეობაში“, – განუცხადა “კვირას“ ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის გარკვეული უხერხულობა მაშინ გაჩნდა, როცა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.
„მიხეილ სააკაშვილს ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა კარგი თვალით რომ არ უყურებს, ნებისმიერი ქვეყანა ასეთ სენსიტიურ საკითხს ფრთხილად უნდა მოეკიდოს. ამ ფონზე სააკაშვილს უკრაინაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია ჩააბარეს. ეს ფაქტი გარკვეულწილად აჩენს უსიამოვნებას საქართველოსა და უკრაინას შორის. კარგი იქნებოდა, უკრაინელებს ქართველი ხალხის, როგორც მათი მეგობარი ერის პოზიცია გაეთვალისწინებინათ, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილის დანიშვნა არა უკრაინაში, არამედ უფრო მოშორებით მდებარე ქვეყანაში გადაწყდა“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გუშინ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საკითხის კომენტირებისას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოვარდეს რუკიდან, რადგან, პრაქტიკულად, გაგვაცალკევეს უკრაინისგან. სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ ხდება საქართველოს ხსენება და ეს შეგნებულად გააკეთა ხელისუფლებამ. ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია, რომელზეც საქართველოს მთავრობის რეაქცია, რომ ეს ქაღალდი არაფერს არ ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, არის უცნაური. ქაღალდი, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ფაქტობრივად აღარ ეხმაურება ამ საკითხს. რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალის ანექსიის გამო სანქციები არ არის შემოღებული იმ პირობებში, როცა უკრაინის თემაზე ეს მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ბოლო მექანიზმებს ვკარგავთ. ერთი მხრივ, სოხუმის აეროპორტს ხსნის რუსეთი, მეორე მხრივ კი, ყირიმის აეროპორტები დაკეტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მე ვერ ვხედავ რეაქციებს ავიაკომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც სოხუმში უკვე დაფრინავენ ან აპირებენ ფრენას. ვერ ვხედავ ვერაფერს იმას, რაც მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაში. მართლა ძალიან გეგმაზომიერი, მავნებლური ქმედებები უნდა განგეხორციელებინა, რომ ვერ მოგეხერხებინა იმავე ნაკადში მოხვედრილიყავით, რაშიც უკრაინა. ვირეშმაკობით არ კეთდება საქმე. საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან და როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იგი ბრიუსელში იმყოფება, სადაც “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები