არიან თუ არა ტუნისში საქართველოს მოქალაქეები – საგარეო უწყების კომენტარი

ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი“, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ და მიაწოდონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია. ტუნისში ამ დრომდე იმყოფება ქართველ ბავშვ მოცეკვავეთა ანსამბლი. ბათუმიდან წასული ანსამბლის შემადგენლობაში სულ 98 მოზარდია. ისინი პორტში მდგარ გემზე იმყოფებიან. ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით, გემბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული სიმშვიდეა და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ტუნისში მყოფი ქართველები აცხადებენ, რომ ისინი დღეს ბარსელონაში გაემგზავრებიან.
ტუნისში მყოფი ქართველების მოსანახულებლად დღეს ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ჩავა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პორტს, სადაც ქართველები იმყოფებიან, ტუნისელი სამართალდამცველები იცავენ და საშიშროება არ არსებობს. უწყების სპიკერის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ტუნისში მოცეკვავეთა ანსამბლის გარდა, ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებიან, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას ადგილზე საქართველოს ელჩი მიიღებს. ტუნისის მუზეუმზე განხორციელებულ თავდასხმას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 20 მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის არიან: იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, გერმანიისა და კოლუმბიის მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული 2 პირი მუზეუმში შევარდა და უმისამართოდ ცეცხლი გახსნა. შემდეგ კი მათ მძევლები აიყვანეს. ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები