კახა კალაძე: როგორც მშობელი ვეწინააღმდეგები, თუმცა ფილმის ყველა კადრი რეალობა იყო
ბავშვების იმ ფილმის სანახავად წაყვანას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან სისხლიან რეჟიმს ასახავდა, როგორც მშობელი ვეწინააღმდეგები, მაგრამ ფილმის ყველა კადრი რეალურია – ასე გამოეხმაურა „ქრონიკაში“ ჩართვისას საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხობში, ზუგდიდსა და ფოთში ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკას“ ჩვენებას, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში და ფილმში არსებული კადრები იმის გამომხატველი იყო, თუ როგორ ექცეოდა ხელისუფლება ხალხს. კალაძემ ასევე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიმართა და აღნიშნა, რომ რაც 2 წლის წინ ქვეყანაში ხდებოდა, აღარ განმეორდება. „რაც შეეხება ბავშვების იმ ფილმის ჩვენებაზე მიყვანას, რომელიც ასახავდა „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან სისხლიან რეჟიმს, მე, როგორც მშობელი და სამი შვილი მამა, ვეწინააღმდეგები, რომ ასეთი ფილმი ნახონ ბავშვებმა. თუმცა, ეს ყველაფერი არის რეალობა, ის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში ბოლო წლების განმვალობაში. ფილმში ყველა კადრი იყო რეალობა, ისე ექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს ყველამ უნდა იცოდეს. კიდევ ერთხელ შევახსენებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ის დრო, რაც სულ რაღაც 2 წლის წინ ქვეყანაში იყო, საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.