ტუნისში გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს

ტუნისში ბარდოს მუზეუმში ტურისტებზე შეიარაღებული თავდასხმის და შემდეგ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.

როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 2 94 50 00.

“შეშფოთებულები ვართ ტუნისში მომხდარი ტრაგედიის გამო. რაც შეეხება ტუნისში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩართულია ცხელი ხაზი 2 94 50 00 და ამ ნომერზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მოგვაწოდოს მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, თუ რაიმე ცნობები აქვთ ტუნისში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე. ამ ეტაპზე საელჩოს ხელთ არსებული მონაცემებით, იქ არიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ტუნისში დიდი ხანია იმყოფებიან.

ხვალ საქართველოს ელჩი გეგმავდა ტუნისში გამგზავრებას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და პრეზიდენტის სახელით იმართება მიღება. მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ქართველ მეზღვაურებთან და თუ ამ პერიოდში ჩვენს ცხელ ხაზზეც შემოვიდა შეყტობინება იმის თაობაზე, რომ მეზღვაურების გარდა, კულტურული თუ ტურისტული მიზნით იქ საქართველოს სხვა მოქალაქეებიც იმყოფებიან, რა თქმა უნდა, საელჩო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცდება, რომ მათ დაუკავშირდეს და ელჩის ტუნისში ვიზიტის ფარგლებში მოხდეს მათთან კომუნიკაცია“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 17 უცხოელი ტურისტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები