თბილისის მერთან არსებულმა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ პირველი სხდომა გამართა
თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს საქმიანობის მიზანია შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ერთიანი საქალაქო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის კოორდინაციის გაღრმავება. თბილისის მერმა შშმ პირთა უფლებებზე ზრუნვა თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტზეც აისახა.
მიმდინარე წლიდან აღნიშნული სამსახური შშმ პირებთან მიმართებით 3 ახალ პროგრამას ახორციელებს, რაც არსებულ 2 პროგრამას დაემატა. საბჭო, რომელიც 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების 11 წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს, ხოლო აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილია.
„საბჭო სპეციალურად შეიქმნა დედაქალაქის მერთან იმისათვის, რომ იმუშაოს და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები ყველა იმ საკითხზე, რაც დედაქალაქში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელადაა საჭირო,“ – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიამ საბჭოს შექმნით გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. საბჭოს პირველ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტირების, აგრეთვე, კერძო სექტორის კუთვნილი შენობა-ნაგებობების ადაპტირებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის წესის გამარტივების საკითხზე. ქალაქის მუნიციპალიტეტის დონეზე აღირიცხება საჯარო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ხიდები, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები და პირველადი სამედიცინო დახმარების ობიექტები, ასევე, თეატრები, საკონცერტო და სპორტული დარბაზები. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარკირების ადგილების მოწყობის წესში ცვლილების შეტანის საკითხიც. დღეისათვის არსებული ვითარებით, პარკირებით მხოლოდ ის პირები სარგებლობენ, რომლებსაც ავტომობილი საკუთარ მფლობელობაში ჰყავთ. ცვლილების შემდეგ კი, პარკირებით ნებისმიერი შშმ პირი ისარგებლებს. სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თემატური ჯგუფები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა თემის მონაწილეობას გაზრდის. დებულების თანახმად, საბჭოს სხდომები 2 თვეში ერთხელ გაიმართება.