რატომ ჩაანაცვლეს ელბაქიძის დაღმართზე ქვაფენილი ასფალტით – მერიის განმარტება

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ელბაქიძის დაღმართზე სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა. ელბაქიძის დაღმართზე ქვაფენილი მოდიფიცირებულმა ასფალტმა ჩაანაცვლა. მონაკვეთზე ასფალტის ერთი ფენა უკვე დაიგო. მეორე ფენის დაგების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ უმჯობესი იქნებოდა ასფალტის ნაცვლად მერიას კვლავ ქვაფენილი დაეგო და ტერიტორიას ძველი იერსახე შენარჩუნებოდა. კრიტიკოსების რიცხვშია საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მან ფეისბუქში ელბაქიძის დაღმართის პირვანდელი და ახლანდელი ფოტოები განათავსა და უქვაფენილო ელბაქიძის დაღმართს “თბილისის კიდევ ერთი დაკარგული დეტალი“ უწოდა.
მერიის გადაწყვეტილებას მომხრეებიც ჰყავს. რატომ გადაწყდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ქვაფენილის ნაცვლად მოდიფიცირებული ასფალტის დაგება -ამ კითხვით “კვირამ “ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს მიმართა. “ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, მოდიფიცირებული ასფალტი ზამთარში ბზარების, ზაფხულში კი ტალღების მიმართ უფრო მდგრადია. წვიმიან ამინდში მას უკეთესი მოჭიდება აქვს, ვიდრე ქვაფენილს და გადაადგილებისათვის უფრო უსაფრთხოა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად, მოდიფიცირებული ასფალტის საფარი იგება. შესაბამისად, ის უფრო მდგრადია და მეტ დატვირთვაზეა გათვლილი“, – აღნიშნავენ კეთილმოწყობის სამსახურში.
“კვირასთან“ საუბრისას საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს გოჩა ბაბუნაშვილს მაგალითად საერთაშორისო გამოცდილება მოჰყავს და აცხადებს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაღმართზე დასაგებად სწორედ აღნიშნული ტიპის ასფალტს იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. რის შემდეგაც ინტენსიურად დაიწყო გზის მოწყობის სამუშაოები.
ტერიტორიაზე ჩატარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებც.მოეწყო წყალსადენის ორი ხაზი, სადრენაჟე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ასევე, „ახალი ქსელების“, „თელასის“, „სილქნეტის“, „დელტაკომის“ ქსელები. 27 თებერვალს ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოების დათვალიერებისას, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მინიმუმ, ათი წლის განმავლობაში რაიმე სახის მიწისქვეშა სამუშაო საჭირო აღარ იქნება“.

მარიამ ზედგინიძე

11078024_354085088131014_1693471118_n

11063191_354085064797683_398185899_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები