საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყება კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს, რომლითაც დაირღვა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე, უკრაინის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სრული უგულებელყოფით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერ შეცვლას, რამაც დიდ საფრთხე შეუქმნა და კვლავაც უქმნის არა მარტო რეგიონალურ, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირებული პოზიცია და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების ამოქმედება, რათა წინ აღვუდგეთ აგრესიას, რომლის უმძიმესი შედეგები საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები