ფოთის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასამართლომ ფოთის მერი ირაკლი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო, ფოთის მერია სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ ის ეფუძნება კანონის არასწორ განმარტებას და არ არის საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე დაფუძნებული, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნაა.
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თვლის, რომ ის ეფუძნება კანონის არასწორ განმარტებას და არ არის საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე დაფუძნებული, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნაა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის ჯერ კანონიერ ძალაში შესული, ვინაიდან არ დამთავრებულა კანონმდებლობის შესაბამისად მისი განხილვა. გამომდინარე ზემოთქმულიდან, სასამართლოს მიერ საკითხის სრულფასოვნად შესწავლამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავს ვიკავებთ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა, რითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაარღვია.
სასამართლომ ირაკლი კაკულიას 800 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ კანონით დადგენილ ვადაში, სახალხო დამცველს უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ ომბუდსმენის რეკომენდაციის განხილვის შედეგების თაობაზე ინფორმაცია არ მიაწოდა.
შესაბამისად, 2015 წლის 18 თებერვალს, სახალხო დამცველის აპარატში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველად ფოთის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველს ყოველმხრივ დაეხმაროს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება“,- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების, წინადადებების განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, სახალხო დამცველი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას აქტიურად იყენებს და, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტების დადგენის და სამართალდამრღვევების წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების მიზნით მიმართავს.