სტამბოლში საქართველოს კონსული თურქული მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო აღშფოთებულია
სტამბოლში საქართველოს კონსული ირაკლი ასაშვილი თურქულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასაშვილის განცხადებით, თურქულ პრესაში გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციით მისი მეგობარი ქალბატონიც აღშფოთებულია და ამაზე ერთობლივ რეაგირებას მოახდენენ. ამის შესახებ ასაშვილმა “კვირას” თურქულ გამოცემა Hurriyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, სტამბოლში საქართველოს კონსულმა მოლდოველი სტილისტი ირინა ბერეზინა სცემა.
“გაზეთში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელიც ნახსენებია სტატიაში, ის ნამდვილად დღემდე ჩემი მეგობარია და ახლაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. მართალი გითხრათ, თავადაც აღშფოთებულია ამ სტატიით და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ერთობლივ რეაგირებას მოვახდენთ ჩვენ. სტატიაში რამდენჯერმე ნახსენებია სიტყვა “სავარაუდოდ”. აქედან გამომდინარე, იურიდიულად ალბათ რთული იქნება პროცესის წარმართვა, ვინაიდან სიტყვა „სავარაუდოდ“ აქვთ ნახსენები. რეაგირებაში მოიაზრება ის, რომ გაზეთის რედაქციას მივმართავთ და გავარკვევთ, საერთოდ რატომ დაიწერა ეს მასალა და საიდან აქვს ასეთი ინფორმაცია ჟურნალისტს”, – განაცხადა ასაშვილმა.
ამასთან, საქართველოს კონსული არ მიიჩნევს, რომ მის მიმართ რაიმე მიზანმიმართულ ცილისწამებას აქვს ადგილი.
“არა მგონია, მიზანმიმიმართული ცილისწამება იყოს, ეს არის მხოლოდ ერთ თურქულ გაზეთში დაწერილი და ვერ ვხედავ, რომ აქ რაიმე მიზანმიმართული იყო. ალბათ რამდნეჯერმე საზოგადო ადგილებში, ოფიციალურ ღონისძიებებზე ამ ქალბატონთან ერთად ჩემი ყოფნა ვიღაცამ აჟიტირებულად აღიქვა”, – განაცხადა ასაშვილმა.
თურქული მედიის ინფორმაციით კი, სტამბოლში საქართველოს კონსულმა, ირაკლი ასაშვილმა მოლდოველ სტილისტს, ირინა ბერეზინას სცემა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი სტილისტის სახლში მოხდა, კონსულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც გოგონას ცხვირი დაუზიანდა.
“ვიკამათეთ, ასაშვილმა ყვირილი და ცემა დამიწყო. ცხვირში დამარტყა. ვიგრძენი, რომ ძვალი გატყდა, იმდენად მაქვს დაზიანებული ცხვირი, რომ პლასტიკური ქირურგის ჩარევა მჭირდება”, – განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა მოლდოველმა გოგონამ. თურქული გამოცემის ცნობით, ასაშვილსა და მოლდოველ გოგონას ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთობა დაეძაბათ.