„იმედია, ევროკავშირი დააფიქსირებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას“

იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის განცხადებებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირის უმაღლეს კომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბატონი ფულეს ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი. კარგად გვახსოვს ბატონი შტეფან ფულეს სიტყვები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის მნიშვნელობას. იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა სრულფასოვნად აისახება ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებში არსებული გამოწვევებისა და უკრაინაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის განცხადებებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მინისტრის თქმით, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დასრულდება
“როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს მზაობა, რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ორივე მხარე ინტენსიურად ვმუშაობთ საჭირო პროცედურების დასრულების მიზნით. განვიხილეთ ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებები და გადავწყვიტეთ, რომ დროულად უნდა შეთანხმდეს დოკუმენტის ტექსტი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის. როგორც იცით, ეს დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად სამოქმედო გეგმას შეთანხმების განხორციელებისა და მისი სრულად ძალაში შესვლის თვალსაზრისით”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები