გელა ღოღობერიძე: აჭარის უმაღლეს საბჭოში ე.წ. არჩევნების შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად
აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს იურიდიული განყოფილების უფროსი გელა ღოღობერიძე გამოეხმაურა და ბრიფინგი გამართა. ღოღობერიძემ გუშინდელი სხდომის დეტალებზე განმარტებები გააკეთა.
როგორც ღოღობერიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, გარკვეულ დეპუტატთა ანტიკონსტიტუციური ქმედებების შედეგად საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, გუშინდელი ე.წ. არჩევნების შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად და თავისთავად, ასეთ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
„13 მარტს ტელევიზიითა და სხვა მასობრივი საშუალებებით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,მიზანშეწონილად მიგვაჩნია შესაბამისი განმარტებების გაკეთება: როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ინიციატივით, 2015 წლის 13 მარტს ჩატარდა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხთა შორის იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 46-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევნები ჩატარებულად რომ ჩაითვალოს, რეგისტრაცია უნდა გაიაროს დეპუტატთა საერთო რაოდენობის 2/3-მა მაინც-ანუ 14 დეპუტატმა. აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში, გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე, რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 13-მა დეპუტატმა, რის გამოც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები არშემდგარად გამოაცხადა და შესაბამისად დადგენილება კენჭისყრაზე არ დააყენა. აღნიშნულის შემდეგ, იმის გამო,რომ მომდევნო საკითხებზე მომხსენებელი არ აღმოჩნდა, თავმჯდომარემ სხდომა დახურა.
სხდომის დახურვის შემდეგ დარბაზში დარჩენილმა დეპუტატებმა აჭარის ა/რ კონსტიტუციისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 52-ე მუხლის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, თვითნებურად, ჩაატარეს ახალი სხდომა, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე გამოაცხადეს. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმ გარემოებას, რომ გარკვეულ დეპუტატთა ანტიკონსტიტუციური ქმედებების შედეგად საზოგადოება შეყვანილი იქნა შეცდომაში, რადგან ზემოხსენებული ე.წ. არჩევნების შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად და თავისთავად ასეთ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია“, – აღნიშნა ღოღობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. აღნიშნული მოთხოვნა მათ მას შემდეგ დააყენეს, რაც ბერიძემ ვიცე-სპიკერად არჩეული ჯემალ ფუტკარაძე არ აღიარა. გუშინ ჯემალ ფუტკარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად 8 ხმით აირჩიეს. აღნიშნული შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ბათილად გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.